ბარსელონას 18 წლის ვარსკვლავმა, ლამინ იამალმა, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ატლეტიკოსთან განცდილი მძიმე მარცხის (0:2) შემდეგ დუმილი დაარღვია.
მიუხედავად იმისა, რომ კატალონიელები უფსკრულის პირას არიან, გუნდის ახალგაზრდა ლიდერი დანებებას არ აპირებს.
მატჩის შემდეგ იამალი განადგურებული ჩანდა. ის რამდენიმე წუთის განმავლობაში კამპ ნოუს მინდორზე იჯდა და მომხდარს აანალიზებდა. თუმცა, წაგებიდან 12 საათის შემდეგ, მან სოციალურ ქსელში კულეებს იმედის მომცემი გზავნილი გაუგზავნა.
„ეს ჯერ არ დასრულებულა, კულეებო. განმეორებით მატჩში ყველაფერს გავიღებთ. Tots units, sempre (ყველა ერთად, მუდამ),“ - დაწერა ლამინმა თავის Instagram-ზე და ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ბრძოლისუნარიანი ჩანს.
შეგახსენებთ, რომ ბარსელონა 44-ე წუთიდან კაცნაკლული თამაშობდა პაუ კუბარსის გაძევების გამო. ხულიან ალვარესისა და ალექსანდერ სორლოტის გოლებმა მადრიდელებს დიდი უპირატესობა მოუტანა. ახლა ჰანს ფლიკის გუნდს 14 აპრილს, მეტროპოლიტანოზე მინიმუმ სამბურთიანი სხვაობით მოგება სჭირდება ნახევარფინალში პირდაპირ გასასვლელად.
ფანების რეაქციამაც არ დააყოვნა: „ჩვენ შენი გვჯერა“, „მადლობა, რომ ამ კლუბისთვის სულს დებ“, - წერენ გულშემატკივრები იამალის პოსტზე.
VIDEO: ატლეტიკომ 10-კაციან ბარსას კამპ ნოუზე მოუგო და 1/4 ფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა