აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ახალი, დაჩქარებული სავიზო სისტემა იმ მილიონობით ადამიანისთვის წარადგინა, რომლებიც 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ამერიკაში ჩასვლას გეგმავენ, თუმცა აღნიშნა, რომ გულშემატკივრებს ქვეყანაში შესვლაზე მაინც შეიძლება უარი უთხრან, მიუხედავად იმისა, ექნებათ თუ არა ბილეთები.
ფიფას პრიორიტეტული ჩაწერის სისტემა, რომელიც თეთრ სახლში გამოცხადდა, მსოფლიო ჩემპიონატის ბილეთების მფლობელებს ვიზის გასაუბრებებზე რიგის დასაწყისში გადაიყვანს. მიუხედავად ამისა, სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ მკაფიოდ თქვა, რომ დაჩქარებული პროცესი ავტომატურ ვიზას არ ნიშნავს.
„თქვენი ბილეთი არ არის ვიზა. ეს არ გიქმნით გარანტიას, რომ აშშ-ში შეგიშვებენ, ეს მხოლოდ სწრაფ ჩაწერას გაძლევთ. წარიმართება იგივე შემოწმება, რასაც სხვები გადიან. ერთადერთი განსხვავება ის არის, რომ ჩვენ მათ რიგში წინ ვწევთ.“ – თქვა რუბიომ.
ეს გაფრთხილება შეიძლება ნიშნავდეს, რომ ბილეთების უკვე ერთი მილიონი უცხოელი მყიდველიდან ზოგიერთი აშშ-ში მაინც არ შეუშვან, მიუხედავად იმისა, რომ მათ მატჩის ბილეთები უკვე აქვთ.
ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ თქვა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ოფიციალური პირები საბოლოოდ 6-7 მილიონ ბილეთს გაყიდიან, მან ოვალურ ოფისში ჟურნალისტებს განუცხადა: „ჩვენ გვეყოლება 5–10 მილიონი ადამიანი, რომლებიც ამერიკაში მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩამოვლენ.“
ჯერ-ჯერობით მოთხოვნის დიდი ნაწილი შიდაა: აშშ, მექსიკა და კანადა მომავალი წლის ივნისში ტურნირს მასპინძლობენ და ბილეთების მფლობელთა უმეტესობას სწორედ ამ ქვეყნების მოქალაქეები შეადგენენ, მაგრამ ფიფას განცხადებით, ბილეთები 212 სხვადასხვა ქვეყანაში და ტერიტორიაზე შეიძინეს.
რუბიოს თქმით, განაცხადების რაოდენობის ზრდის გამო, სახელმწიფო დეპარტამენტმა მსოფლიოში 400-ზე მეტი დამატებითი საკონსულო თანამშრომელი გაგზავნა, ზოგ შემთხვევაში საელჩოების შტატი გაორმაგდა კიდეც. დაახლოებით ქვეყნების 80%-ში ამ ზომებმა უკვე მნიშვნელოვნად შეამცირა ვიზის მოლოდინის დრო, ერთი წლიდან 60 დღეზე ნაკლებამდე.
„მაგალითად, ისეთ ადგილებში, როგორიცაა ბრაზილია და არგენტინა, ადრე ერთი წელზე მეტი დასჭირდებოდა ჩაწერას. ახლა კი ორ თვეზე ნაკლებში შეგიძლიათ მიიღოთ გასაუბრება,“ - აღნიშნა მან.
აშშ-მ მსოფლიო ჩემპიონატს ბოლოს 1994 წელს უმასპინძლა. 2026 წლის ჩემპიონატი ზაფხულში გაიმართება და ისტორიაში პირველად ტრადიციული 32-ის ნაცვლად მონაწილეობას 48 გუნდი მიიღებს.