ბარსელონამ ამ ზაფხულს ნახევარდაცვის გაძლიერებაზე საბოლოოდ უარი თქვა და მადრიდის რეალს როდრის ხელში ჩასაგდებად გზა გაუხსნა.
ჰანსი ფლიკი და დეკო თვლიან, რომ გუნდში ამ პოზიციაზე საკმარისი რესურსია. მეტიც, კატალონიელებმა მარკ კასადოს უკვე აცნობეს, რომ ახალი კლუბი მოძებნოს, რადგან მასზე იმედებს აღარ ამყარებენ.
მიუხედავად ფრენკი დე იონგის ტრავმისა, კლუბის ხელმძღვანელობა სიმშვიდეს ინარჩუნებს. ესპანეთის ნაკრების კაპიტნის სანაცვლოდ დაახლოებით 70 მილიონი ევროა საჭირო, ბარსელონაში კი მიაჩნიათ, რომ დროებითი ტრავმის გამო ამხელა თანხის დახარჯვას აზრი არ აქვს.
Marca-ს ცნობით, კატალონიელები დარწმუნებულები არიან, რომ როდრის საბოლოო დანიშნულების ადგილი სწორედ მადრიდის რეალი იქნება. ბარსელონა კი სატრანსფერო ბაზარზე პრიორიტეტს ახალი თავდამსხმელისა და მცველის დამატებას ანიჭებს.