ცნობილი გამოცემის, The Athletic-ის, ანალიტიკურ ვიდეოში განხილულია თუ რომელი თავდამსხმელი უნდა დაიმატოს ბარსელონამ, რომლის სახელიც ხულიან ალვარესი არ არის.
,,ბარსელონას თავდამსხმელის დამატება სურს, თუმცა სავარაუდოდ, ისინი მთავარ სამიზნეს, ხულიან ალვარესს, ვერ შეიძენენ.
მე კი ალტერნატივა ვიპოვე და არ შემხვედრია, რომ ვინმე მასზე ლაპარაკობდეს.
მაგრამ პირველ რიგში, რა სჭირდება ბარსელონას? გასულ სეზონში მათი თამაშიდან გამომდინარე, განსაკუთრებით თუ როგორ იყენებდნენ რობერტ ლევანდოვსკისა და ფერან ტორესს, ვფიქრობ, აშკარაა, რას ითხოვს ჰანსი ფლიკი თავის სისტემაში თავდამსხმელისგან.
ბარსელონა საკმაოდ მაღალ სისწრაფეზე თამაშობს ძალიან სწრაფი შემტევებით, იდეალურ შემთხვევაში კი მათ სჭირდებათ მოთამაშე, რომელიც სიღრმეში ბურთის მისაღებად ჩამოვა და სწრაფად მოამარაგებს გუნდელებს. ამიტომ საჭიროა კარგი პირველი შეხება და პასი.
ბარსელონაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პუნქტია, თუ როგორ თამაშობენ უკან ჩამჯდარ დაცვასთან. ისინი არ აწვდიან უბრალოდ საჯარიმოში, ისინი მუშაობენ საჯარიმოში შეღწევაზე.
ამიტომ, რა თქმა უნდა, თავდამსხმელისთვის აუცილებელია სივრცის აღქმისა და მომენტის დასრულების უნარი.
ამის ცოდნა ნიშნავს, რომ შეგვიძლია, ისეთი თავდამსხმელი, როგორიც იგორ ტიაგოა, გამოვრიცხოთ. რა თქმა უნდა, კარგი ფიზიკური ცხრიანია, მაგრამ ის ამ პროფილს არ ერგება.
მე შევადგინე მოკლე სია, რომელიც მოიცავს ჯონათან ბურკარდტს (აინტრახტი), რომელსაც მეკარის საჯარიმოდან დარტყმების მაღალი მაჩვენებელი აქვს და ჰოფენჰაიმის ფისნიკ ასლანის, რომელიც თავის გუნდელებთან კარგად არის შეთამაშებული.
მაგრამ შემდეგ დავიწყე გიორგი მიქაუტაძის ყურება, რომელიც 25 წლისაა და ვილიარეალში თამაშობს. მას გოლების დიდებული სტატისტიკა აქვს და ბოლო 6 სეზონში 10+ გოლს აფიქსირებს, ამასთან, სტაბილურად, მოსალოდნელ გოლებზე (xG) მეტი გოლი გააქვს.
რაც უფრო მეტს ვუყურე, მით უფრო აშკარა გახდა, რომ ის ზუსტად ის არის, ვინც ბარსელონას სჭირდება.
მიქაუტაძე ორივე ფეხით კომფორტულია ერთი შეხებით პასებში. ხშირად იწყებს ზუსტად ისეთ შეტევებს, როგორიც ბარსელონას მოსწონს.
ასევე აღსანიშნავია მისი მოძრაობა. ერთ-ერთი გოლის დროს ის უკან იხევს, თუმცა შეტევის განვითარების მიხედვით მიმართულებას იცვლის შორეული ძელისკენ და გოლიც გააქვს.
რაც შეეხება მის დარტყმას, ის არ წარმოადგენს საფრთხეს მეორე სართულზე, თუმცა ამას იმით აბალანსებს, რომ ორივე ფეხით კარგად ურტყამს. მას რთული პოზიციებიდან შეუძლია გოლების გატანა.
ამიტომ, თუ ბარსელონას კვლავ უნდა თავდამსხმელს დამატება, რომელსაც ხულიან ალვარესი არ ჰქვია, მიქაუტაძე ჩემი არჩევანია." - ამბობს The Athletic-ის ჟურნალისტი.
ჯერ-ჯერობით საქმე მხოლოდ ანალიტიკურ რჩევასთან გვაქვს და სანდო წყაროების მიხედვით, ბარსელონას ქართველი თავდამსხმელის მიმართ ინტერესი არ გამოუხატავს.