სევილია გიორგი ქოჩორაშვილის იჯარით დამატებაზე სპორტინგთან მოლაპარაკებების გადამწყვეტ ეტაპზეა.
აღნიშნულ ინფორმაციას Marca-ს ჟურნალისტი, მატეო მორეტო და ABC de Sevilla ავრცელებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, სევილია ქოჩორაშვილის დამატებაზე სერიოზულად მუშაობს. ანდალუსიურმა კლუბმა უკვე გამოხატა ინტერესი სპორტინგის მიმართ და მხარეები ტრანსფერის პირობებზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ. ამ ეტაპზე ყველაზე რეალურ ვარიანტად იჯარა განიხილება.
თუმცა, მოლაპარაკებებს ერთი მნიშვნელოვანი დაბრკოლება აქვს. სპორტინგი მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება ფეხბურთელის იჯარით გაშვებას, თუ შეთანხმებაში სავალდებულო გამოსყიდვის პუნქტი იქნება გათვალისწინებული.
ამის საპირისპიროდ, სევილია ტრადიციულად მხოლოდ არასავალდებულო გამოსყიდვის ოფციას სთავაზობს. სწორედ ეს საკითხი გახდა მთავარი მიზეზი, რის გამოც მანამდე ხეტაფემაც ვერ შეძლო შეთანხმების მიღწევა.
27 წლის ქოჩორაშვილი გასულ ზაფხულს ლევანტედან სპორტინგში დაახლოებით 5.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა.
თუმცა, ლისაბონში მისი პირველი სეზონი წარმატებული არ აღმოჩნდა, სათამაშო დრო თითქმის არ მიუღია, ბოლო მატჩების განაცხადშიც აღარ ხვდებოდა და კლუბმა მას სხვა გუნდთან მოლაპარაკებების უფლება მისცა.
ქართველი ნახევარმცველის მიმართ ინტერესი მხოლოდ სევილიას არ აქვს. მის დამატებას ხეტაფეც ცდილობს, ბოლო დღეებში კი მისი სახელი სელტასაც დაუკავშირდა.
მიუხედავად ამისა, გავრცელებული ინფორმაციით, სევილიაში იმედოვნებენ, რომ კონკურენტებს დაასწრებენ და ქოჩორაშვილის ტრანსფერს დახურავენ.
სევილიას მთავარი მწვრთნელი ლუის გარსია პლასა ნახევარდაცვის გაძლიერებას გეგმავს, რადგან გუნდმა ამ ზაფხულს რამდენიმე ფეხბურთელი დაკარგა.
ქოჩორაშვილი კი მისი უნივერსალურობისა და ნახევარდაცვაში ბალანსის შექმნის უნარის გამო ერთ-ერთ სასურველ კანდიდატად მიიჩნევა.
ამ დროისთვის ყველაფერი სპორტინგზე არის დამოკიდებული. თუ ლისაბონური კლუბი სავალდებულო გამოსყიდვის მოთხოვნას არ შეცვლის, ვერც სევილია, ვერც ხეტაფე და ვერც სხვა დაინტერესებული კლუბი ტრანსფერის დასრულებას ვერ შეძლებს.
თუმცა, სევილია ცდილობს არსებული ვითარებით ისარგებლოს და ქოჩორაშვილისთვის ბრძოლაში კონკურენტებს დაასწროს.