Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ ბარსელონა ხულიან ალვარესის საქმესთან დაკავშირებით 602 ევროთი დააჯარიმა.
კატალონიურ კლუბს დისციპლინურ კომიტეტში მადრიდის ატლეტიკომ უჩივლა. მადრიდელების მტკიცებით, ბარსელონა არგენტინელ თავდამსხმელთან ტრანსფერზე მოლაპარაკებებს კლუბის ნებართვის გარეშე აწარმოებდა, მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელს ატლეტიკოსთან მოქმედი კონტრაქტი აკავშირებდა.
ფედერაციამ ივლისში დაწყებული დისციპლინური საქმის განხილვა უკვე დაასრულა და 602-ევროიანი ჯარიმის დაკისრების გადაწყვეტილება დისციპლინური კოდექსის 133-ე მუხლის საფუძველზე მიიღო.
აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ამ ორ გუნდს შორის მსგავსი დავა მიმდინარეობს. 2019 წელს ზუსტად ანალოგიური სიტუაცია შეიქმნა ანტუან გრიზმანის ტრანსფერისას. მაშინაც ატლეტიკომ ბარსელონას უჩივლა მალული მოლაპარაკებების გამო, თუმცა იმ შემთხვევაში კატალონიური კლუბი კიდევ უფრო მცირე თანხით, მხოლოდ 300 ევროთი დაჯარიმდა.