ბარსელონამ 2020 წლის ხელფასების გადახდა დაასრულა.
2020 წელს, კოვიდ პანდემიის ფონზე, ბარსამ თითქმის ყველა ფეხბურთელთან ხელფასის გადავადების შეთანხმებას მიაღწია და ამით, საერთო ჯამში 121.7 მილიონი ევრო დაზოგა.
Diario Sport-ის ინფორმაციით, უკანასკნელ გადარიცხვას კლუბი 30 ივნისს, 16 მილიონი ევროს ოდენობით შეასრულებს და ამით ყოფილი ფეხბურთელების ვალს დაფარავს.
ამ თანხიდან ყველაზე მეტს (5.96 მლნ ევროს) ლეო მესი მიიღებს.
2020 წლის შემდეგ ბარსა სტაბილურად უხდის გადავადებულ ხელფასებს ყოფილ მწვრთნელ რონალდ კუმანს და ასევე, ექს-ფეხბურთელებს: სამუელ უმტიტის, სერხიო ბუსკეტსს, მირალემ პიანიჩს, უსმან დემბელეს, ჟორდი ალბას, ანტუან გრიზმანს და სხვებს.