ბარსელონამ ჟოან გარსიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ოფიციალური განცხადება გავრცელა.
ესპანელი მეკარე რასინგთან (7:2) მოგებული მატჩის შესვენებაზე შეცვალეს.
პირველი ტაიმის ერთ-ერთ ეპიზოდში ბლაუგრანას ძირითად მეკარეს ბურთზე წასვლისას ფეხი დაუსხლტა. ამის შემდეგ გარსიამ დისკომფორტი იგრძნო, მის ნაცვლად კი მოედანზე ვოიცეხ შჩესნი გამოვიდა.
„პირველი გუნდის მოთამაშე ჟოან გარსია მარჯვენა მუხლში მსუბუქ დისკომფორტს განიცდის. მისი მწყობრში დაბრუნების ვადები აღდგენის დინამიკაზე იქნება დამოკიდებული", - ნათქვამია კატალონიური კლუბის განცხადებაში.
მართალია, კლუბი ვადებს არ ასახელებს, თუმცა თუ პრესას დავუჯერებთ, გარსიას დაახლოვებით 3 კვირა გაუცდება - ის სევილიასთან უახლოეს უქმეებზე გასამართ მატჩს გამოტოვებს, შემდეგ კი 3-კვირიანი სანაკრებო პაუზა უწევს, რომლის დასრულებისთვისაც, თუ გაუთვალისწინებელი არაფერი მოხდა, გარსია მწყობრში დაბრუნდება.