ბარსელონას ყოფილი ფეხბურთელი, ფილიპე კოუტინიო სანტოსში გადასვლასთან ახლოსაა.
ესპანური გამოცემა AS-ის ცნობით, 34 წლის ნახევარმცველმა ბრაზილიურ კლუბთან შეთანხმებას უკვე მიაღწია და თავის თანამემამულე ნეიმართან ერთად ითამაშებს.
აღსანიშნავია, რომ ტრანსფერში უშუალოდ ნეიმარი მონაწილეობდა. ვარსკვლავმა კლუბის ხელმძღვანელობას ყოფილი თანაგუნდელის დამატებისკენ მოუწოდა და მოლაპარაკებებს პირადადაც ესწრებოდა. ბრაზილიური მედიის ცნობით, გარიგებაში ასევე ჩართული იყო მისი ოჯახის კუთვნილი კომპანია, NR Sports.
კოუტინიო სანტოსთან მოკლევადიან, 3-თვიან ხელშეკრულებას გააფორმებს, რომელიც წლის ბოლომდე იქნება გათვლილი. ვინაიდან ვეტერან ნახევარმცველს თებერვალში ვასკო და გამას დატოვების შემდეგ სათამაშო პრაქტიკა არ ჰქონია, მოკლევადიანი კონტრაქტი ორივე მხარისთვის ყველაზე მისაღები ვარიანტი აღმოჩნდა.
ევროპაში გატარებული 14 წლის განმავლობაში კოუტინიო იცავდა ისეთი კლუბების ღირსებას, როგორებიცაა მილანის ინტერი, ესპანიოლი, ლივერპული, ბარსელონა, მიუნხენის ბაიერნი და ასტონ ვილა.