ალავესთან მარცხის შემდეგ მადრიდული მედია ესპანური მსაჯობის კრიტიკას არ წყვეტს.
შეგახსენებთ, რომ მატჩის დასრულებამდე ხუთი წუთით ადრე არბიტრმა სოტო გრადომ ჯუდ ბელინგემის წაქცევისთვის პენალტი დანიშნა, თუმცა VAR-ის ჩარევის შემდეგ გადაწყვეტილება გააუქმა და ინგლისელს სიმულაციისთვის მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა.
გამოცემა Defensa Central-მა მიმდინარე სეზონიდან სამი მსგავსი ეპიზოდი გამოყო და მსაჯები ორმაგ სტანდარტებში დაადანაშაულა. მადრიდული პორტალის მტკიცებით, ბელინგემის შემთხვევაში რეალი პირდაპირ დაზარალდა, მაშინ როცა ანალოგიურ სიტუაციებში ბარსელონას ფეხბურთელების, ლამინ იამალისა და რაფინიას სასარგებლოდ სრულიად სხვა გადაწყვეტილებები მიიღეს.
პირველი ეპიზოდი სწორედ ალავესთან მატჩს ეხება. გამოცემა აღნიშნავს, რომ VAR-ის მსაჯს, ფიგეროა ვასკესს ჩარევის უფლება არ ჰქონდა, რადგან კონტაქტი აშკარად შედგა. ერთ-ერთი კამერის კადრებში კარგად ჩანს, როგორ ეჯახება მცველის მუხლი ბელინგემს, თუმცა სოტო გრადოს მონიტორზე ყველაზე ნათელი რაკურსი არ უჩვენეს.
ამის საპირისპიროდ, Defensa Central ბარსელონას ორ ეპიზოდს იხსენებს. ერთი კვირის წინ ვილიარეალთან მატჩში ლამინ იამალზე კონტაქტი საეჭვო იყო, თუმცა VAR-მა მთავარი მსაჯი მონიტორთან მიიხმო და პენალტი დაინიშნა (რომელიც იამალმა ვერ გაიტანა). მეორე შემთხვევა ელჩესთან მოხდა, როცა რაფინია საჯარიმოში მსუბუქი კონტაქტის შემდეგ წაიქცა. ამჯერად VAR-ი არ ჩარეულა იმ მოტივით, რომ კონტაქტი არსებობდა და მსაჯის გადაწყვეტილება ძალაში დარჩა.
მადრიდული გამოცემა მთავარ კითხვას სვამს: რატომ ერევა VAR-ი ერთ შემთხვევაში და რატომ იკავებს თავს სხვა დროს? სტატიის ავტორების აზრით, ასეთი არათანმიმდევრულობა ესპანური მსაჯობის მიმართ სერიოზულ ეჭვებს აჩენს.