ლა ლიგის მე-14 ტურში ალავესთან განცდილი მარცხის შემდეგ, მადრიდის რეალის ოფიციალურმა ტელევიზიამ (Real Madrid TV) მთავარი არბიტრი სოტო გრადო და VAR-ის ოთახი გააკრიტიკა.
მადრიდელთა მთავარი პრეტენზია ჯუდ ბელინგემთან დაკავშირებულ ორ ეპიზოდს ეხება. პირველი მე-15 წუთზე მოხდა, როცა კუთხურისას ინგლისელი საჯარიმოში აშკარად დაიჭირეს, თუმცა მსაჯს რეაქცია არ ჰქონია. მეორე ეპიზოდში კი სოტო გრადომ პენალტი დანიშნა, მაგრამ VAR-ის ჩარევის შემდეგ გადაწყვეტილება შეცვალა და ბელინგემს სიმულაციისთვის მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა. წითელი ბარათის გამო ინგლისელი რეალ სოსიედადთან მომდევნო ტურს გამოტოვებს.
რეალის ტელევიზიის მტკიცებით, VAR-მა მსაჯს მხოლოდ ერთი, შორი და ბუნდოვანი რაკურსი აჩვენა, ხოლო წინა ხედი დამალა. არხმა ეს მომენტი ლევანტესთან ლამინ იამალზე დანიშნულ პენალტს შეადარა და აღნიშნა: „ქარი ბარსელონას სასარგებლოდ უბერავს... ეს ნეგრეირას ლიგის ცვალებადი წესებია“.
კრიტიკა ამით არ დასრულებულა, ტელევიზიამ არბიტრი კილიან მბაპეს მიმართ „დამამცირებელ და ქედმაღლურ“ დამოკიდებულებაში დაადანაშაულა. ასევე აღნიშნეს, რომ არდა გიულერის ეპიზოდში მსაჯის „მუქარის ტონმა“ ჟოზე მოურინიო გააბრაზა, რის შემდეგაც სოტო გრადომ ნახევარი მოედანი გადაკვეთა, რათა პორტუგალიელი სპეციალისტი გაეფრთხილებინა.