ალავესთან განცდილი მარცხის (1:2) შემდეგ, მადრიდის რეალში ჟოზე მოურინიოს მიმართ კრიტიკა კიდევ უფრო გამწვავდა.
გულშემატკივრების უკმაყოფილება განსაკუთრებით პორტუგალიელი სპეციალისტის გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რომელმაც ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაციის შემდეგ დაბრუნებული ვინისიუს ჟუნიორი პირდაპირ სასტარტო შემადგენლობაში დააყენა.
მოურინიოს ტაქტიკა და შეცვლები მწვავედ გააკრიტიკა რეალის ყოფილმა ფეხბურთელმა, პოლი რინკონმა.
ეს ჭკვიანური გადაწყვეტილება არ იყო. ფანებმა მას იმიტომ უსტვინეს, რომ გუნდს შლის. ვინისიუსი ამ გუნდის ძირითადი შემადგენლობის მოთამაშე ვერ იქნება, მოურინიო კი მის სასტარტოში დაყენებას დაჟინებით აგრძელებს. მას არდა გიულერი კი არა, ვინისიუსი უნდა შეეცვალა. თუ მომდევნო მატჩებში ამას არ გამოასწორებს, შესაძლოა მორიგი იმედგაცრუება ელოდეს
Defensa Central-ის სტატისტიკა ბრაზილიელის კრიტიკოსების არგუმენტებს კიდევ უფრო ამყარებს: მიმდინარე სეზონში რეალმა სამი შეხვედრა, ატლეტიკოსთან, ბეტისთან და ალავესთან, სწორედ მაშინ წააგო, როცა ვინისიუსი სასტარტოში იყო. ამ სეზონში ბრაზილიელის აქტივში მხოლოდ 2 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა, რაც ძირითადში ადგილის გარანტირებისთვის საკმარისი არ არის.
რინკონმა მოურინიოს ექსპერიმენტში ერთი დადებითი დეტალიც შენიშნა, კერძოდ, ვინისიუსის მარჯვენა ფლანგზე გადაყვანა, სადაც გუნდს ვალვერდეს გარდა სხვა ვარიანტი არ ჰყავს. თუმცა, ყოფილი ფეხბურთელის თქმით, მწვრთნელმა ეს ცვლილებაც დააგვიანა და მხოლოდ მატჩის ბოლოსკენ მიმართა.