UFC-ის ქართველი ჩემპიონი, მერაბ დვალიშვილი იუთუბერ ვლადიმერ კოლოსს შეხვდა, რომელსაც რამდენიმე საინტერესო შეკითხვაზე უპასუხა.
- კითხვა, რომელიც MMA-ს ყველა გულშემატკივარს აწუხებს: ვის შეუძლია მერაბის გაჩერება?
ეს სპორტია, ეს ბრძოლაა, ეს MMA-ა და წინასწარ ვერასდროს იტყვი, რა შეიძლება მოხდეს. აქ ბევრი რამ შენს მეტოქეზეც არის დამოკიდებული. ზოგჯერ, საკმარისი მხოლოდ ერთი დარტყმაა. შონ ო'მალისთან კარგად გამოვედი, მაგრამ ერთ შეცდომასაც კი შეიძლებოდა ყველაფერი შეეცვალა.
ვცდილობ, ყოველდღე უკეთესი გავხდე, მაგრამ დანამდვილებით ვიცი, რომ დრო გამაჩერებს, იმიტომ რომ დრო არასდროს ჩერდება. მართალია, ამ ეტაპზე მხოლოდ უკეთესი ვხდები, მაგრამ მაინც.
გაჩერებას არ ვაპირებ. მინდა უკეთესი და უკეთესი გავხდე.
- ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე თქვი, რომ ალექსანდრე თოფურია შენც კი გჯობია. ეს მართალია?
კი, კი, ის ძალიან მაგარია. ყოველთვის, როცა ვვარჯიშობთ - მჯობნის ხოლმე. მას ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ.
- მუსლიმ სპორტსმენებს ერთმანეთთან ჩხუბი არ სურთ ხოლმე. მაგალითად შენ რომ მოგიწიოს ჩემპიონის სტატუსში მასთან ჩხუბი, გააკეთებ ამას?
არა, არ ვიჩხუბებ. მირჩევნია დივიზიონი შევიცვალო.
- ახლა შენს დივიზიონში ახალი ბიჭია, მალკომ უილმეიკერი (10-0-0), რომელსაც უკვე ორი მოგება აქვს UFC-ში და ორივე ნოკაუტით. იცი მისი მეტსახელი? "მანქანა". არ გინდა შეხვდე, რომ გაარკვიოთ, ვისი მანქანაა უკეთესი?
მაგარი ბიჭია, ყველას ანოკაუტებს და ეს ძალიან კარგია. თუმცა, ვნახოთ. მას ჯერ კიდევ გზა აქვს გასავლელი. თუ შევხვდით, ყველაფერს ვაჩვენებ, რაც შემიძლია.
პიტერ იანთანაც გიჩხუბია და უმარ ნურმაგომედოვთანაც, ვინ უფრო მაგარია?
პიტერ იანი, იმიტომ რომ ბევრი ბრძოლა აქვს ტოპ მებრძოლებთან და უფრო მეტი გამოცდილებაც აქვს. უმარი კი მხოლოდ ჩემთან და სენდჰეგენთან ვიხილეთ. დივიზიონის ტოპებთან უფრო მეტი უნდა იჩხუბოს, უფრო აქტიური იყოს - სად არის ახლა, რატომ არ ჩხუბობს?
ისლამ მახაჩევმა თქვა, რომ მაღალი დონის ჭიდაობის სასწავლად ბავშვები 2-3 წლით დაღესტანში უნდა გავუშვათ და დავივიწყოთ. რა მოხდება, თუ 2-3 წლით ბავშვებს საქართველოში გავუშვებთ?
საქართველოში თუ გაუშვებ 2-3 წლით, ბავშვები ხინკლის და ხაჭაპურის ჭამას და ღვინის სმას დაიწყებენ და ნამდვილი ქართველები გახდებიან (იცინის).
უკანასკნელად როდის იტირე?
იცი, როგორც წესი არ ვტირი ხოლმე. ვერც კი ვიხსენებ, ბოლოს როდის და რატომ ვიტირე. ალბათ 13 წლის წინ, როცა ოჯახი ძალიან მენატრებოდა - დედა, მამა. მაშინ იქნებოდა ცრემლები. ცოტა, მაგრამ იქნებოდა.
დამისახელე ის, რაც MMA-ში გეზიზღება?
მხოლოდ წონის კლება.
პირველი ადამიანი ხარ, ვინც ეს თქვა. როგორც წესი, ფანებს, ჰეითერებს ასახელებენ ხოლმე...
არა, არა. ჰეითერები მოტივაციას გვაძლევენ.
არის რაიმე, რისიც გეშინია?
წონის კლების (იცინის). წონას ყოველთვის ვაბარებ, მაგრამ პროცესს ვერ ვიტან.
გააგრძელე ფრაზა: "ბევრმა არ იცის, მაგრამ მერაბს ძალიან კარგად ეხერხება..."
არც კი ვიცი. ალბათ მხოლოდ MMA-ში ვარ მაგარი. სხვა დანარჩენში - არამიშავს. ვერ ვიტყვი, რომ რაღაცაში გამორჩეულად კარგი ვარ. საკუთარ თავს ბოლომდე ვუძღვნი MMA-ს.
და ბოლო კითხვა: გაქვს ოცნება, რომელიც იცი, რომ ვერასდროს აგიხდება?
არამგონია მსგავსი ოცნება მქონდეს. ოცნებები ზოგადად რა თქმა უნდა მაქვს, MMA-ს შემდეგ კარგი ოჯახის შექმნა მინდა, ბევრი შვილის ყოლა. ამაზე ვიმუშავებ, მაგრამ ჯერ კარგი მეუღლე უნდა ვნახო, რომელიც ბევრ შვილს მაჩუქებს.
გიჟური ოცნებები, რომელიც ვერასდროს ახდება, არ მაქვს, მაგრამ თუ მკითხავ, რის გაკეთებას ვისურვებდი ახლავე, რომ შემეძლოს, გეტყოდი, რომ მთელ მსოფლიოში მშვიდობას დავნერგავდი - არანაირი ომი, მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში. ყოველთვის ომის წინააღმდეგ გამოვდივარ და მინდა, რომ ყველა მშვიდობით ცხოვრობდეს.
მოდით, დავეხმაროთ ერთმანეთს, ვიზრუნოთ ერთმანეთზე და ვიცხოვრობთ მშვიდად.