ვესტ ჰემ იუნაიტედის თანათავმჯდომარე დევიდ სალივანი დაკავებული თანამდებობიდან გადადგა.
77 წლის ბიზნესმენმა ასევე დატოვა WH Holding Limited-ისა და თავად ვესტ ჰემის დირექტორთა საბჭო. კლუბმა პრემიერ ლიგაში ადგილი მიმდინარე სეზონის ბოლო ტურში დაკარგა და ჩემპიონშიპში გავარდა.
ვრცელ პირად განცხადებაში სალივანმა აღნიშნა, რომ მისთვის ცნობილი გახდა მისი პირადი ცხოვრების შესახებ არსებული ფაქტობრივად არასწორი და სრულიად ცრუ, ათწლეულების წინანდელი ბრალდებების მოსალოდნელი ტრანსლაციისა და გამოქვეყნების თაობაზე.
სალივანმა განაცხადა:
ჩემ წინააღმდეგ მომართული ცრუ ბრალდებები მედიის მიერ სენსაციურ ჭრილშია წარმოჩენილი. ზრდასრულთა ინდუსტრიაში ბიზნესის შენებას მთელი ცხოვრება შევალიე და ამ სფეროში ათასობით ქალს შევხვედრივარ. სამწუხაროდ, გარდაუვალია, რომ მცირე ნაწილის მხრიდან არასათანადო ქცევის შესახებ პრეტენზიები გაჩნდეს. მე კატეგორიულად უარვყოფ ამ ბრალდებებს.
სალივანმა ასევე დაადასტურა, რომ ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლებს ტელეკომპანია BBC-ს და ნებისმიერ სხვა მედიასაშუალებას, რომელიც ამ ცილისმწამებლურ ბრალდებებს გაავრცელებს. სააგენტო Reuters-ი კომენტარისთვის უკვე დაუკავშირდა BBC-ს.
კლუბის განცხადებით, არცერთი ბრალდება არ უკავშირდება ვესტ ჰემს ან მის საქმიანობას. კლუბის ყოველდღიურ მართვაზე პასუხისმგებლობას დირექტორთა საბჭოს წინაშე აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის დროებითი შემსრულებელი ქარიმ ვირანი გააგრძელებს, ხოლო მენეჯმენტის სამომავლო სტრუქტურის შესახებ განახლებული ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.
სალივანმა თანამდებობიდან წასვლას წარმოუდგენლად მტკივნეული, თუმცა აუცილებელი ნაბიჯი უწოდა:
ეს ბრალდებები არანაირ კავშირშია ფეხბურთში ჩემს 30-წლიან მოღვაწეობასთან. ვესტ ჰემ იუნაიტედი ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი უდიდესი გატაცება და პრივილეგია იყო. მე ვზრუნავ კლუბზე, მის გულშემატკივრებზე, მოთამაშეებსა და პერსონალზე.
კლუბისთვის ისედაც რთულ და მნიშვნელოვან პერიოდში არ დავუშვებ, რომ ჩემმა პირადმა საკითხებმა ზედმეტი გაუგებრობა ან არასტაბილურობა გამოიწვიოს. თანამდებობას ვტოვებ, რათა მთელი ენერგია და ყურადღება ამ ცრუ ბრალდებების წინააღმდეგ ბრძოლას მოვახმარო. ჩემმა იურიდიულმა გუნდმა უკვე დაიწყო მუშაობა სამართლებრივი პროცედურების მოსამზადებლად.
გავარდნის შემდეგ ვესტ ჰემი მომავალ სეზონში რანგით მეორე დივიზიონში, ჩემპიონშიპში ითამაშებს, სადაც გუნდს 2011-12 წლების სეზონის შემდეგ არ უასპარეზია.