მარკუს რაშფორდის მომავალი ბუნდოვანია, რადგან ბარსელონას ჯერ კიდევ არ გადაუწყვეტია, გამოისყიდოს თუ არა გასულ სეზონში იჯარით აყვანილი ფეხბურთელი.
კატალონიელთა მიერ რაშფორდის თანამემამულისა და თანაგუნდელის, ენტონი გორდონის გაფორმებამ დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა მარკუსის მომავალი. ეს იმის მიუხედავად, რომ მანჩესტერ იუნაიტედიდან მისი იჯარის ხელშეკრულებაში გამოსასყიდი თანხა საკმაოდ მიმზიდველ, 26 მილიონს შეადგენს.
გთავაზობთ იმ გუნდების ჩამონათვალს, რომლებიც 1 სექტემბერს სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რაშფორდის ყიდვის მთავარ ფავორიტებად მიიჩნევიან:
ასტონ ვილა
ასტონ ვილა რაშფორდისთვის ბრძოლაში აუტსაიდერებად ითვლებიან. 28 წლის ფორვარდმა 2024/25 წლების სეზონში ექვსი თვე იჯარით უკვე გაატარა ასტონ ვილაში და უნაი ემერის ხელმძღვანელობით კარგი შთაბეჭდილებაც დატოვა. ვილამ მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგის საგზური კვლავ მოიპოვა და ვრცელდება ინფორმაცია, რომ ინგლისელი თავდამსხმელის დაბრუნების წინააღმდეგნი არ არიან.
ნიუკასლ იუნაიტედი
კაჭკაჭებმა გორდონი ესპანეთიდან მიღებული 69-მილიონიანი შემოთავაზების შემდეგ გაყიდეს, რადგან ზაფხულის სატრანსფერო ბიუჯეტის შესავსებად ხმაურიანი გაყიდვა სჭირდებოდათ. რაშფორდი გორდონის შესანიშნავი შემცვლელი იქნებოდა, რადგან მარცხენა ფლანგზე მასაც მსგავსი ფეთქებადი სისწრაფის შეთავაზება შეუძლია.
ტოტენჰემი
ტოტენჰემი რობერტო დე ძერბის ხელმძღვანელობით დროის დაკარგვას არ აპირებს და შემადგენლობის გაძლიერებას სასწრაფოდ ცდილობს. ჩრდილოეთ ლონდონელებმა თავისუფალი აგენტების, მარკოს სენესისა და ენდი რობერტსონის ტრანსფერებზე შეთანხმებას უკვე მიაღწიეს.
კლუბის ყურადღება მალე შეიძლება თავდასხმის ხაზზე გადავიდეს, რომელსაც გასულ სეზონში ძალიან გაუჭირდა. მოჰამედ კუდუსის, ჯეიმს მედისონისა და დეიან კულუშევსკის ტრავმების გამო, სპურსს კრეატივი და შემტევი ძალა აკლდა. ახლა კი, როდესაც ჩავი სიმონსმა ჯვარედინი მყესების მძიმე ტრავმა მიიღო და ხანგრძლივი უქმობა ელის, გუნდს თავდასხმაში ახალი ძალის დამატება აუცილებლად სჭირდება.
ბარსელონა
მიუხედავად ამჟამინდელი ყოყმანისა, ბარსელონას რაშფორდის სრულფასოვნად გამოსყიდვა საბოლოოდ არ გამოურიცხავს. გორდონის ტრანსფერი მხოლოდ დასაწყისია იმ დიდი ცვლილებებისა, რაც თავდასხმაში იგეგმება - ესპანეთის ჩემპიონები ატლეტიკო მადრიდიდან ხულიან ალვარესის გადმობირებასაც ცდილობენ. რაშფორდის ხელშეკრულების გამოსყიდვა იმაზე იქნება დამოკიდებული, დარჩება თუ არა კლუბს ფინანსები სხვა პრიორიტეტული ტრანსფერების შემდეგ.
მანჩესტერ იუნაიტედი
სატრანსფერო ფანჯრის დახურვისას რაშფორდის ყველაზე სავარაუდო დანიშნულების ადგილი მისივე მშობლიური კლუბი, მანჩესტერ იუნაიტედია. მიუხედავად იმისა, რომ რუბენ ამორიმის პერიოდში გუნდიდან წასვლის შემდეგ მისი დაბრუნება შეუძლებელი ჩანდა, მაიკლ კერიკის დანიშვნამ სიტუაცია შეიძლება შეცვალოს.
ცნობილია, რომ იუნაიტედს ამ ზაფხულს მარცხენა ფლანგის თავდამსხმელის დამატება სურს და რაშფორდი ყველაზე ხელმისაწვდომი ვარიანტია. წასვლამდე გუნდთან ურთიერთობა კი გაუფუჭდა, მაგრამ მშობლიურ კლუბთან და ფანებთან შერიგება სრულიად შესაძლებელია.