ბრუნო გიმარაეში არსენალში გადადის.
ფაბრიციო რომანოს ცნობით, არსენალმა და ნიუკასლმა ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ საბოლოო შეთანხმებას მიაღწიეს. ფეხბურთელთან პირადი კონტრაქტის პირობები კი ჯერ კიდევ ივლისში იყო შეთანხმებული.
ტრანსფერის ღირებულება 75 მილიონ ფუნტს (87 მილიონი ევრო) შეადგენს.
არსენალმა მოლაპარაკებები მნიშვნელოვნად დაბალი შეთავაზებით დაიწყო, მაშინ როცა ნიუკასლი უფრო მაღალ თანხას ითხოვდა.
გიმარაეშის ყოფილი კლუბი, ლიონი, ტრანსფერიდან ნიუკასლის მიღებული მოგების 20 პროცენტს მიიღებს, რაც დაახლოებით 6-7 მილიონ ფუნტს შეადგენს.
როგორც The Athletic სამშაბათს წერდა, არსენალი და ნიუკასლი ნახევარმცველის ტრანსფერზე სრულ შეთანხმებასთან ახლოს იყვნენ. ფეხბურთელი იმ დროს ესპანეთში, კლუბის წინასასეზონო შეკრებაზე იმყოფებოდა და ელოდებოდა ნებართვას, რათა პრემიერ ლიგის მოქმედ ჩემპიონთან სამედიცინო შემოწმება გაევლო.
ამავე წყაროს ინფორმაციით, ივლისის დასაწყისში გიმარაეშმა ნიუკასლს აცნობა, რომ კლუბის დატოვება და არსენალში გადასვლა სურდა. ლონდონური კლუბი თავდაპირველად მზად იყო ბრაზილიელის სანაცვლოდ 60 მილიონ ფუნტამდე გადაეხადა.
მანამდე არსენალმა სიტყვიერი შეთავაზებაც გააკეთა, რომელიც 60 მილიონ ფუნტზე ნაკლები იყო, თუმცა ნიუკასლმა ის უარყო და ამტკიცებდა, რომ ფეხბურთელის გაყიდვას საერთოდ არ განიხილავდა.
გიმარაეშს ნიუკასლთან კონტრაქტი კიდევ 2 წლით აკავშირებდა. მან 2023 წლის ოქტომბერში ხუთწლიანი ხელშეკრულება გააფორმა, რომელშიც დროებით 100 მილიონი ფუნტის გამოსასყიდი თანხა იყო ჩადებული, თუმცა ეს პუნქტი 2024 წლის ივნისში ამოიწურა და არავის გამოუყენებია.
გიმარაეშის წასვლა ნიუკასლის კიდევ ერთი ხმაურიანი დანაკლისი იქნება მიმდინარე ზაფხულში. მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა ედი ჰაუმ, რომლის შემცვლელად ალ აჰლის ყოფილი მწვრთნელი მატიას იაისლე არის მოსალოდნელი.
ზაფხულის განმავლობაში ნიუკასლმა ასევე გაყიდა ენტონი გორდონი ბარსელონაში 80 მილიონ ევროდ, ხოლო სანდრო ტონალი 100 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ ტოტენჰემში გადავიდა.
კლუბმა ვერ შეძლო იოჰან მანზამბის დამატება, რომელმაც ასტონ ვილა აირჩია, და ასევე ვიქტორ მუნიოსის, რომელმაც ლივერპულში გადასვლა გადაწყვიტა.
ბრუნო გიმარაეში ნიუკასლს 2022 წლის იანვარში ლიონიდან შეუერთდა. ტრანსფერის ღირებულება ბონუსების ჩათვლით 50 მილიონი ევრო იყო.
ინგლისის პრემიერ ლიგაში მან კლუბის მაისურით 153 მატჩი ჩაატარა, 30 გოლი გაიტანა და 26 საგოლე გადაცემა შეასრულა. ასევე, 2025 წელს ნიუკასლთან ერთად კარაბაოს თასი მოიგო.
გასულ სეზონში ბრაზილიელმა ყველა ტურნირზე 41 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 9 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა მიითვალა.
გიმარაეშმა ასევე 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ბრაზილიის ნაკრების ხუთივე მატჩი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და ტურნირზე 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.