მადრიდის რეალმა წამყვანი მოთამაშე საკმაოდ დიდი ხნით დაკარგა.
ფრანგული L'Equipe-ს ინფორმაციით, კილიან მბაპე ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მუხლის იოგების ტრავმით თამაშობდა. მიუხედავად ტკივილისა, ფეხბურთელი თავს აიძულებდა, რომ მოედანზე გასულიყო და გუნდს დახმარებოდა.
წყაროს ცნობით, მბაპე დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა ტკივილის ატანას და გუნდის დახმარებას, თუმცა მდგომარეობა გართულდა. ფეხბურთელმა საბოლოოდ მიიღო გადაწყვეტილება, რომ თამაშს დროებით შეწყვეტს და სრულფასოვან მკურნალობას ჩაიტარებს, რადგან გაძლიერებული ტკივილის ფონზე ბოლო პერიოდში აჩქარებაც კი უჭირდა.
ჩატარებულმა MRI სკანირებამ დაადასტურა, რომ ფეხბურთელს მუხლის იოგების დაზიანება აქვს. ამ ეტაპზე უცნობია, რამდენ ხანს მოუწევს მბაპეს უქმობა და რა ვადაში შეძლებს მოედანზე დაბრუნებას. თუმცა, პირველადი ვარაუდით, ფრანგს დაახლოებით 3 კვირა გაუცდება.
ფრანგული გამოცემა აღნიშნავს, რომ ფეხბურთელის ჯანმრთელობა პრიორიტეტია და უახლოეს პერიოდში მისი რეაბილიტაციის დეტალური გეგმა გაირკვევა.