ლივერპულმა პარი სენ-ჟერმენთან ბრედლი ბარკოლას ტრანსფერზე პრინციპულ შეთანხმებას მიაღწია.
The Athletic-ის ჟურნალისტ დევიდ ორნშტეინის ინფორმაციით, კლუბები შემოთავაზებული გარიგების პირობებზე ღამის განმავლობაში შეთანხმდნენ.
ტრანსფერის საერთო ღირებულება დაახლოებით 120 მილიონი ფუნტი იქნება, საიდანაც 100 მილიონ ფუნტზე მეტი გარანტირებული თანხაა.
ჯერჯერობით კონტრაქტზე ხელი არავის მოუწერია და ტრანსფერი საბოლოოდ დასრულებული არ არის, თუმცა ბარკოლას შესაძლო გადასვლამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს კოდი გაკპოს მომავალზეც.
ნიდერლანდელს არაერთხელ უკავშირებდნენ ტოტენჰემს, ამ ზაფხულს კი მის მიმართ ინტერესს მანჩესტერ სიტიც იჩენდა.
ბარკოლას პსჟ-სთან კონტრაქტის ამოწურვამდე ორი წელი რჩება, თუმცა მან ნათლად დააფიქსირა, რომ ევროპის ჩემპიონებთან ხელშეკრულების გახანგრძლივება არ სურს.
ის ასევე არ მოხვდა გუნდის განაცხადში ლიგა 1-ის პირველ ტურში რენთან ფრედ, 2:2 დასრულებულ შეხვედრაში.
საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელი ძირითადად მარცხენა ფლანგზე თამაშობს, თუმცა საპირისპირო ფლანგზეც შეუძლია მოქმედება.
გასულ სეზონში სათამაშო დროისთვის ის უშუალოდ ხვიჩა კვარაცხელიასა და დეზირე დუეს უწევდა კონკურენციას.
ჩემპიონთა ლიგის გათამაშების დასკვნით ეტაპზე ბარკოლა ძირითადად სათადარიგოთა სკამიდან ერთვებოდა თამაშში, ხოლო ლუის ენრიკეს გუნდმა ტურნირი ზედიზედ მეორედ მოიგო.
მიუხედავად სასტარტო შემადგენლობაში ადგილისთვის დიდი კონკურენციისა, ბარკოლამ 2025/26 წლების სეზონში პსჟ-ს მაისურით 49 მატჩი ჩაატარა, 13 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა.
პარიზულმა კლუბმა ლიგა 1-ის ჩემპიონობა შეინარჩუნა და ამავდროულად ევროპულ ასპარეზზეც წარმატებას მიაღწია.
2021/22 წლების სეზონში პირველ გუნდში დამკვიდრების შემდეგ ბარკოლას ანგარიშზე ყველა ტურნირზე ჩატარებულ 152 შეხვედრაში 39 გოლი და 37 საგოლე გადაცემაა.