ბრუნო ფერნანდეშმა კარიერაში პირველად PFA-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელის პრესტიჟული ჯილდო (Players’ Player of the Year) მოიგო.
მანჩესტერ იუნაიტედის ნახევარმცველი კოლეგა ფეხბურთელებმა 2025/26 წლების სეზონის გამორჩეულ მოთამაშედ აღიარეს. ჯილდო მას PFA-ს ყოველწლიურ დაჯილდოების ცერემონიაზე გადასცეს.
გასულ სეზონში ფერნანდეში ყურადღების ცენტრში მოექცა, როდესაც პრემიერ ლიგის ერთ სეზონში შესრულებული საგოლე გადაცემების დიდი ხნის რეკორდი დაამხო, მან ჯამში 21 ასისტი მიითვალა.
ბრუნო, რომელიც მანამდე PFA-ს წლის სიმბოლურ გუნდშიც მოხვდა, მანჩესტერ იუნაიტედის მაისურით 9 გოლიც გაიტანა და მაიკლ კერიკის ხელმძღვანელობით გუნდის აღმავლობის მთავარი მამოძრავებელი ძალა იყო.
იუნაიტედმა პრემიერ ლიგა მე-3 ადგილზე დაასრულა და UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა.
პორტუგალიელმა რვიანმა კლუბის წლის საუკეთესო ფეხბურთელისთვის განკუთვნილი სერ მეტ ბასბის სახელობის ჯილდო რეკორდული, მე-5 ჯერზე მოიგო, მაისში კი იგი FWA-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა.
ფერნანდეში მანჩესტერ იუნაიტედის პირველი ფეხბურთელია უეინ რუნის შემდეგ, რომელმაც ეს კონკრეტული ჯილდო მოიგო, რუნიმ ეს 2010 წელს შეძლო.
გამარჯვებულს ყოველ გაზაფხულზე პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციის (PFA) წევრები ირჩევენ.
ჯილდო 1973/74 წლების სეზონის შემდეგ დაარსდა და მას შემდეგ მანჩესტერ იუნაიტედის 10 სხვადასხვა ფეხბურთელს აქვს მოგებული. მარკ ჰიუზმა და კრიშტიანუ რონალდუმ ეს პატივი ორჯერ დაიმსახურეს.
გარი პალისტერი, ერიკ კანტონა, როი კინი, ტედი შერინგემი, რუუდ ვან ნისტელროი, რაიან გიგზი და უეინ რუნი ამ ჯილდოს იუნაიტედის ფეხბურთელის სტატუსით დაეუფლნენ.
ბრუნოს გამარჯვებით კლუბის საერთო წარმატებების რაოდენობა 12-მდე გაიზარდა და მანჩესტერ იუნაიტედი ყველა დროის რეიტინგში ლივერპულს უკვე ორი ჯილდოთი უსწრებს.
ფერნანდეშმა ხუთ სხვა ნომინანტს აჯობა. მათ შორის იყვნენ დავიდ რაია, გაბრიელი და დეკლან რაისი, რომლებმაც არსენალთან ერთად პრემიერ ლიგის ტიტული მოიპოვეს.
ნომინანტებს შორის ასევე იყვნენ მანჩესტერ სიტის ფეხბურთელები - ერლინგ ჰალანდი და რაიან შერკი.
PFA-ს დაჯილდოება: პრემიერ ლიგის გამარჯვებულები და სიმბოლური გუნდი