-
Aa
+
ფონტის ზომა
საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა, იბერია 1999-მა, ევროტურნირების საკვალიფიკაციო ეტაპის გავლის შემდეგ უეფას კონფერენს ლიგის ძირითად ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.
ვის შეხვდება იბერია 1999? - კონფერენს ლიგის წილისყრა შედგა
ჩვენების ისტორია ევროპულ არენაზე 1970-იან წლებში იწყება, როცა თბილისის დინამომ ევროტურნირებზე ასპარეზობა დაიწყო.
დინამოს ევროპული თავგადასავალი 1972/73 წლების სეზონში, უეფას თასზე დაიწყო. თბილისელთა პირველი მეტოქე ნიდერლანდური ტვენტე იყო. საკუთარ მოედანზე დინამომ 3:2 გაიმარჯვა, თუმცა საპასუხო შეხვედრა 0:2 დათმო და სადებიუტო ევროტურნირი პირველივე ეტაპზე დაასრულა.
უკვე მომდევნო სეზონში თბილისელებმა გაცილებით შორს წასვლა შეძლეს. 1973/74 წლების უეფას თასზე დინამომ ჯერ ბულგარული სლავია სოფია ორი მატჩის ჯამში 4:3 დაამარცხა, შემდეგ იუგოსლავიურ OFK ბელგრადს შთამბეჭდავი ანგარიშით - 8:1 სძლია.
მესამე ეტაპზე კი მეტოქე ინგლისური ფეხბურთის ერთ-ერთი ცნობილი წარმომადგენელი ტოტენჰემი იყო. თბილისში გამართული შეხვედრა 1:1 დასრულდა, ლონდონში კი მასპინძლებმა 5:1 გაიმარჯვეს.
1976/77 წლებში დინამო უკვე ევროპის თასების მფლობელთა თასზე ასპარეზობდა. პირველ ეტაპზე თბილისელებმა კარდიფ სიტი 3:1 დაამარცხეს, თუმცა შემდეგ უნგრულ MTK ბუდაპეშტთან ორი მატჩის ჯამში 1:5 დამარცხდნენ.
განსაკუთრებით საინტერესო გამოდგა 1977/78 წლების უეფას თასი. დინამომ პირველივე ეტაპზე მილანის ინტერი ჩამოიშორა, იტალიაში მოპოვებული 1:0 გამარჯვება და თბილისში დაფიქსირებული 0:0 ქართველებს შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ეყოთ. ამას დანიური KB-ს წინააღმდეგ დამაჯერებელი გამარჯვება 6:2 მოჰყვა. მესამე რაუნდში კი თბილისელთა გზა ციურიხის გრასჰოპერმა გადაკეტა.
1978/79 წლების უეფას თასზე დინამომ კიდევ ერთი ცნობილი იტალიური კლუბი, ნაპოლი, დაამარცხა. თბილისში 2:0 გამარჯვებისა და სტუმრად 1:1-ის შემდეგ ქართული გუნდი მეორე ეტაპზე გავიდა, სადაც ბერლინის ჰერტას შეხვდა. საკუთარ მოედანზე მოპოვებული 1:0 გამარჯვება საკმარისი არ აღმოჩნდა, პირველ შეხვედრაში გერმანელებმა 2:0 მოიგეს.
1979/80 წლებში თბილისელებმა ევროპის ჩემპიონთა თასზე ითამაშეს და პირველივე ეტაპზე უდიდესი გამოცდის წინაშე აღმოჩნდნენ, მეტოქე ლივერპული იყო. ინგლისში დინამო 1:2 დამარცხდა, თუმცა თბილისში სრულიად განსხვავებული სურათი ვიხილეთ. ქართულმა გუნდმა ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთი გრანდი 3:0 დაამარცხა და ორი მატჩის ჯამში 4:2 გაიმარჯვა.
მეორე ეტაპზე დინამოს მეტოქე ჰამბურგი იყო. გერმანულმა კლუბმა ორივე მატჩი მოიგო, საკუთარ მოედანზე 3:1, თბილისში კი 3:2 და ქართველების ევროპული სეზონიც დასრულდა.
დინამოს ევროპული ისტორიის მთავარი თავი 1980/81 წლების თასების მფლობელთა თასზე დაიწერა.
პირველ ეტაპზე თბილისელებმა ბერძნული კასტორია ორი მატჩის ჯამში 2:0 დაამარცხეს. შემდეგ ირლანდიური უოტერფორდის ჯერი დადგა, დინამომ ორივე შეხვედრა მოიგო და საერთო ანგარიშით 5:0 გაიმარჯვა.
მეოთხედფინალში ინგლისური კლუბი, ვესტ ჰემი, გამოჩნდა. პირველ შეხვედრაში დინამომ ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ევროპული გამარჯვება მოიპოვა, ლონდონში 4:1. თბილისში საპასუხო მატჩი კი გუნდმა 0:1 დათმო.
ნახევარფინალში მეტოქე ნიდერლანდური ფეიენოორდი იყო. თბილისში დინამომ 3:0 გაიმარჯვა. როტერდამში 0:2 დამარცხების მიუხედავად, ორი მატჩის ჯამში 3:2 გამარჯვება ფინალის საგზურს ნიშნავდა.
1981 წლის 13 მაისს დიუსელდორფში თბილისის დინამო აღმოსავლეთ გერმანიის კარლ ცაის იენას დაუპირისპირდა.
ფინალის პირველი გოლი მეტოქემ გაიტანა, თუმცა დინამომ შეხვედრის შემოტრიალება შეძლო. ვლადიმერ გუცაევმა ანგარიში გაათანაბრა, მატჩის მიწურულს კი ვიტალი დარასელიას ისტორიულმა გოლმა თბილისელებს 2:1 გამარჯვება მოუტანა.
თბილისის დინამო ევროპის თასების მფლობელთა თასის ჩემპიონი გახდა.
ეს ქართული საკლუბო ფეხბურთის ერთ-ერთ უდიდეს მიღწევად იქცა, რომელმაც ნოდარ ახალკაცის გუნდი ქართული სპორტის ისტორიაში სამუდამოდ ჩაწერა.
ევროპული ტრიუმფის შემდეგ დინამომ მომდევნო სეზონშიც დაამტკიცა, რომ წარმატება შემთხვევითი არ ყოფილა. 1981/82 წლების თასების მფლობელთა თასზე თბილისელებმა ავსტრიული გრაცერი, ფრანგული ბასტია და პოლონური ლეგია დაამარცხეს და კვლავ ნახევარფინალში გავიდნენ.
ზედიზედ მეორე ფინალამდე გუნდს მხოლოდ ერთი ნაბიჯი დააკლდა, ბელგიურმა სტანდარდმა ორივე ნახევარფინალური მატჩი 1:0 მოიგო.
1982/83 წლების უეფას თასზე დინამო კიდევ ერთხელ შეხვდა ნაპოლის ამჯერად ორი მატჩის ჯამში ანგარიში 2:2 დაფიქსირდა, თუმცა სტუმრად გატანილი გოლის წესით შემდეგ ეტაპზე იტალიური კლუბი გავიდა.
საბჭოთა ეპოქის მიწურულს დინამო ევროპულ ასპარეზზე კიდევ ერთხელ გამოჩნდა. 1987/88 წლების უეფას თასზე თბილისელებმა ჯერ ლოკომოტივ სოფია 4:3 დაამარცხეს, შემდეგ ბუქარესტის ვიქტორიას 2:1 სძლიეს, მესამე ეტაპზე კი ბრემენის ვერდერთან ორი მატჩის ჯამში 2:3 დამარცხდნენ.
2004/05 წლების სეზონი თბილისის დინამოს უახლეს ევროპულ ისტორიაში ერთ-ერთ გამორჩეულ პერიოდად რჩება.
საქართველოს ჩემპიონმა უეფას თასზე საკვალიფიკაციო ეტაპებიდან დაიწყო ბრძოლა, რამდენიმე რთული ბარიერი გადალახა და საბოლოოდ ტურნირის ჯგუფურ ეტაპამდე მიაღწია.
ევროპული კამპანია პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ბელარუსის ბატე ბორისოვთან დაიწყო. სტუმრად დინამომ უხვგოლიანი შეხვედრა 3:2 დათმო, თბილისში კი მინიმალური სხვაობით, 1:0 გაიმარჯვა. ორი მატჩის ჯამში დაფიქსირებული 4:2 ქართველებს შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ეყოთ.
მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე მეტოქე პრაღის სლავია იყო. პრაღაში მასპინძლებმა 3:1 გაიმარჯვეს, თბილისში კი დინამომ ჩეხური კლუბი 2:0 დაამარცხა. შედეგად ორი მატჩის ჯამში ანგარიში 3:3 გახდა, თუმცა სტუმრად გატანილი გოლის წყალობით მომდევნო ეტაპზე დინამო გავიდა.
უეფას თასის პირველ რაუნდში დინამოს პოლონური ვისლა კრაკოვი დაუპირისპირდა. პირველ მატჩში ნამდვილი დრამა შედგა. კრაკოვში დინამო 3:4 დამარცხდა, საპასუხო შეხვედრა კი თბილისში გაიმართა და მასპინძლებმა 2:1 მოიგეს, ორი მატჩის ჯამში ანგარიში 5:5 გახდა.
ძალაში კვლავ სტუმრად გატანილი გოლების წესი შევიდა, პოლონეთში გატანილი 3 ბურთის წყალობით შემდეგ ეტაპზე სწორედ ქართული კლუბი გავიდა.
ასე მოახერხა დინამომ 3 ეტაპის გადალახვა და უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა.
ჯგუფურ ეტაპზე დინამო D ჯგუფში მოხვდა, სადაც მეტოქეებად ინგლისური ნიუკასლი, პორტუგალიური სპორტინგი, ფრანგული სოშო და ბერძნული პანიონიოსი შეხვდნენ.
ამ ეტაპზე თბილისელებისთვის ბრძოლა გაცილებით რთული აღმოჩნდა. დინამომ სოშოსთან საკუთარ მოედანზე 0:2 წააგო, ინგლისში ნიუკასლთან ასევე 0:2 დამარცხდა, თბილისში ლისაბონის სპორტინგთან 0:4 დათმო, ხოლო ბოლო შეხვედრაში საბერძნეთში პანიონიოსთან 2:5 წააგო.
4 მატჩის შემდეგ დინამომ ქულის მოპოვება ვერ შეძლო და D ჯგუფში მე-5 ადგილი დაიკავა, რითაც მისი ევროპული კამპანია დასრულდა.
ჯგუფურ ეტაპზე მიღებული მძიმე შედეგების მიუხედავად, 2004/05 წლების ევროპული სეზონი თბილისის დინამოსთვის მნიშვნელოვანი მიღწევა იყო.
2026/27 წლების ევროტურნირების სეზონი თბილისის იბერიასთვის გამორჩეული გამოდგა. ქართულმა კლუბმა ევროპული კამპანია ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყო, შემდეგ ევროპა ლიგაზე გადაინაცვლა, საბოლოოდ კი კონფერენს ლიგის ძირითად ეტაპზე მოხვდა.
იბერიას პირველი მეტოქე ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ესტონური ფლორა იყო. პირველი მატჩში ქართულმა კლუბმა 3:2 გაიმარჯვა, მეორე შეხვედრა კი 2:2 დასრულდა, და ორი მატჩის ჯამში 5:4 სძლია მეტოქეს.
მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე იბერიას გაცილებით რთული გამოცდა ელოდა, სლოვაკეთის ჩემპიონი სლოვან ბრატისლავა. თბილისელებმა პირველი მატჩი 0:2 დათმეს, საპასუხო შეხვედრაში კი 1:1 ითამაშეს. ორი მატჩის ჯამში 1:3 მარცხის შემდეგ იბერია ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა, თუმცა ევროპული სეზონი არ დასრულებულა.
ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ იბერია ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გადაერთო, სადაც ჩრდილოეთ ირლანდიური ლარნე შეხვდა.
დაპირისპირება საკმაოდ დაძაბული გამოდგა. სტუმრად ჩატარებული შეხვედრა უგოლოდ, 0:0 დასრულდა, მეორე მატჩში კი ძირითადი დროის შემდეგ გამარჯვებული ვერ გამოვლინდა და ბრძოლა დამატებით დროში გაგრძელდა.
საბოლოოდ იბერიამ 2:1 გაიმარჯვა და ორი მატჩის ჯამშიც ამავე ანგარიშით აჯობა მეტოქეს. ამ გამარჯვებით ქართულმა კლუბმა ევროპა ლიგის პლეი-ოფის საგზური მოიპოვა.
ევროპა ლიგის ძირითად ეტაპამდე იბერიას მხოლოდ ერთი ბარიერი აშორებდა. პლეი-ოფში მისი მეტოქე პოლონური იაგელონია ბიალისტოკი იყო. პირველ შეხვედრაში იბერია 4:0 დამარცხდა, საპასუხო მატჩში კი პოლონურმა გუნდმა 1:2 გაიმარჯვა. ორი მატჩის ჯამში იაგელონიამ 6:1 იმარჯვა.
ევროპა ლიგის პლეი-ოფში მარცხის მიუხედავად, იბერიასთვის ევროტურნირების სეზონი კვლავ გრძელდება, თბილისურმა კლუბმა კონფერენს ლიგის ძირითად ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.
კონფერენს ლიგის ლიგის ეტაპზე იბერიას 6 შეხვედრა ელის, 3 შინ და 3 სტუმრად.
თბილისში ქართული კლუბი დანიურ კოპენჰაგენს, ბელგიურ სენტ-ტრუიდენსა და ჩეხურ იაბლონეცს უმასპინძლებს. სტუმრად კი იბერია სერბულ ცრვენა ზვეზდას, ესპანურ ხეტაფესა და შვედურ მიალბის დაუპირისპირდება.
თბილისურმა გუნდმა მთავარი მიზნის შესრულება შეძლო და შემოდგომაზე ევროპული ფეხბურთის ლიგის ეტაპზე ითამაშებს.
კალენდარი გაირკვა - რომელ დღეებში ითამაშებს იბერია კონფერენს ლიგის მატჩებს?

თაზო ჩარკვიანი
კომენტარები