უეფას კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში იბერია 1999 ესტონურ ლევადიას უმასპინძლებს.
პირველი მატჩი სტუმრად ქართულმა გუნდმა 1-0 დათმო და მომდევნო ეტაპზე გასასვლელად ერთბურთიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა ესაჭიროება.
მატჩის წინ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ლევან კორღალიძემ და მეკარე გიორგი მაკარიძემ კომენტარები გააკეთეს, რომელსაც იბერიას ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
რეალიზაციის დიდი პრობლემა გვქონდა. ვერ ვიტყვი, რომ ხარისხი გვაკლია. დიდი იმედი გვაქვს, რომ ის რაც იქ არ გავიდა, აქ გავა.
კლუბის ხელმძღვანელობისგან დიდი ნდობა მაქვს. ეს გამომდინარეობს ჩემპიონატში ნაჩვენები შედეგებიდან. კარგ სანახაობრივ ფეხბურთს ვაჩვენებთ. ყველა გუნდს აქვს რთული პერიოდი. კლუბი ცოცხალი ორგანიზმია და ეს პროცესის თანმდევია. ამას არ უნდა შევეგუოთ და სიტუაცია უნდა გამოვასწოროთ. მე მჯერა ჩემი ფეხბურთელების და კლუბის ხელმძღვანელების.
ლევადიასთან თამაში ნამდვილად კარგად იყო დაგეგმილი. სწორედ ეგ სცენარი წარმოგვედგინა. რეალიზაციის პრობლემა რომ არა, ამ შეხვედრას მოვიგებდით. ასევე მნიშვნელოვანია თამაშის მსვლელობისას კორექტივების შეტანა. კარგია თუ ის გამოგვივა, რაც დაგეგმილი გვაქვს, თუმცა აუცილებელია გეგმა B-ც მზად გვქონდეს. დიდი იმედი მაქვს, რაც დავგეგმეთ ყველაფერი გამოგვივა". - განაცხადა კორღალიძემ.
"პირველი თამაშიდან გამომდინარე შანსები თანაბარია. უკეთესი გუნდი ვართ, შევეცდებით ჩვენი თამაში ვითამაშოთ. თუ ყველაფერს სწორად გავაკეთებთ, შემდეგ ეტაპზე გავალთ. ახლა ყველაზე მთავარი ერთობა და განწყობაა. ეს ორი კომპონენტი თუ გვექნება ხვალ, დადებით შედეგს მივაღწევთ.
დიდი იმედი მაქვს გულშემატკივრები სტადიონს გაავსებენ. იმედია ხვალ კიდევ ერთხელ დაგვიდგებიან გვერდში და გამარჯვებას ერთად ვიზეიმებთ. პირობას ვდებ ჩვენს მაქსიმუმს გავაკეთებთ". - თქვა მაკარიძემ პრესკონფერენციაზე.
იბერიასა და ლევადიას მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, 29 ივლისს 20:00 საათზე დაიწყება.