დღეს კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში ქუთაისის ტორპედო კვიპროსულ ომონიას დაუპირისპირდება.
ქართულმა გუნდმა გასვლითი მატჩი 1-0 წააგო და დღეს შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ერთბურთიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა მოუწევს.
მატჩის წინ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, დირკ შუსტერმა და მეკარე ოთო გოშაძემ კომენტარები გააკეთეს, რომელსაც ტორპედოს ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
“პირველ მატჩში მეტოქემ გვაჯობა და დავმარცხდით, თუმცა დაკარგული არაფერია. 1 კვირა გვქონდა დაშვებული შეცდომების ანალიზისთვის. ამაზე ვიმუშავეთ და ვფიქრობ, სხვა თამაშს ვიხილავთ.
მჯერა გუნდის და დარწმუნებული ვარ, თითოეული ფეხბურთელი მაქსიმალურად დაიხარჯება. გვაქვს სავსე ტრიბუნების და შესანიშნავი ატმოსფეროს იმედიც.
გიორგი კოხრეიძე? მართალია, ბოლო მატჩებში ის ძირითად შემადგენლობაში არ იყო, თუმცა მისი ვარჯიშით კმაყოფილი ვარ, დღეს ფიზიკურად უკეთესად გამოიყურება და არ გამოვრიცხავ ხვალინდელი მატჩი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყოს.” - განაცხადა გერმანელმა სპეციალისტმა.
“გუნდში საკმაოდ კარგი განწყობაა. იმედი მაქვს, ხვალ სტადიონი სავსე იქნება, რადგან გამარჯვების კარგი შანსი გვაქვს და ერთად უნდა ვიბრძოლოთ. ვეცდებით, ჩვენი თამაშით გულშემატკივარი გავახაროთ. შინ ვთამაშობთ ასეთი მნიშვნელობის მატჩს და მოტივაციაც გაორმაგებულია.” - თქვა ქუთაისელთა მეკარემ.
მატჩი 21:00 საათზე, ქუთაისის რამაზ შენგელია არენაზე გაიმართება.
დღეს კიდევ ორი ქართული გუნდი გამართავს თავის მატჩს. 20:00 საათზე გორში დილა ლატვიურ რიგას მიიღებს, სპაერი კი თბილისში ავსტრია ვენას დაუპირისპირდება.