L’Equipe იტყობინება, რომ საფრანგეთის ნაკრების ფორვარდმა მარჯვენა აქილევსის მყესი გაიწყვიტა. 23 წლის ეკიტიკე ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის საპასუხო მატჩში მოედნიდან საკაცით გაიყვანეს. ეს უმძიმესი დარტყმაა ფეხბურთელისთვის, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატს და მომავალი სეზონის დიდ ნაწილს გამოტოვებს.
მატჩის შემდეგვე ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა, არნე სლოტმა შემაშფოთებელი განცხადება გააკეთა: „ვფიქრობ, ყველამ დავინახეთ, რომ მდგომარეობა სახარბიელო არ იყო. დაველოდოთ დიაგნოზს, თუმცა ყველაფერი ცუდისკენ მიგვანიშნებს".
ის ფაქტი, რომ ეკიტიკე მოედანზე ყოველგვარი კონტაქტის გარეშე დაეცა და ცალსახად დიდ ტკივილს გრძნობდა მარჯვენა კოჭში, თავიდანვე მიანიშნებდა აქილევსის მყესის სერიოზულ დაზიანებაზე. ვარაუდობენ, რომ ვარჯიშის განახლებამდე, საუკეთესო შემთხვევაში, 9-თვიანი სარეაბილიტაციო პერიოდი იქნება საჭირო.