ლიდს იუნაიტედმა პარასკევს ელან როუდზე პრემიერ ლიგის შეხვედრაში გავარდნილ ბარნლისთან დამაჯერებელი გამარჯვება (3-1) მოიპოვა.
მატჩის დაწყებიდან 20 წამში დომინიკ კალვერტ-ლუინს ანგარიშის გახსნის შანსი ჰქონდა, თუმცა ნოა ოკაფორის ჩაწოდების შემდეგ მისი დარტყმული კარს ასცდა. მერვე წუთზე ანტონ შტახმა, ბიჟოლის გადაცემის შემდეგ, 25 იარდიდან ძლიერი დარტყმით
გაიტანა. ცოტა ხანში გერმანელმა ბაშირ ჰამფრიზს ბურთი წაართვა და ეთან ამპადუ მოძებნა, რომლის დარტყმაც დაიბლოკა, ხოლო აო ტანაკამ დამატებაზე ბურთი კარს ზემოთ გადააცილა. პირველი ტაიმის მიწურულს ჯეიმს ჯასტინის შორეული დარტყმა მარტინ დუბრავკამ მარტივად დააფიქსირა.
მეორე ტაიმის დაწყებიდან ორ წუთში ჯეიმს უორდ-პროუსს შეეძლო წონასწორობის აღდგენა, მაგრამ მისი დარტყმა კარლ დარლოუმ მოიგერია. 52-ე წუთზე ოკაფორმა მასპინძელთა უპირატესობა ორამდე გაზარდა მას შემდეგ, რაც კალვერტ-ლუინისა და ჯეიდენ ბოგლის კომბინაციის შედეგად მიღებული ბურთი კარში გადაგზავნა. ოთხ წუთში კალვერტ-ლუინმა მესამე გოლი გაიტანა. მან ტანაკას დარტყმის შემდეგ დუბრავკას მიერ მოგერიებულ ბურთს მიუსწრო და სეზონში თავისი მე-12 სალიგო გოლი მიითვალა.
68-ე წუთზე ლუკას პირესმა ერთი ბურთის გაქვითვა შეძლო, თუმცა VAR-ის შემოწმების შემდეგ გოლი თამაშგარე მდგომარეობის გამო გაუქმდა. მალევე ჩაუნამ ზუსტი დარტყმით სხვაობა მაინც შეამცირა. მოგვიანებით კალვერტ-ლუინს კიდევ ერთი შანსი ჰქონდა ბოგლის ჩაწოდების შემდეგ, მაგრამ დუბრავკამ ბურთი დააფიქსირა, მოგვიანებით კი სლოვაკმა მეკარემ კუთხურის შემდეგ როდონსაც არ მისცა გატანის საშუალება.
ამ გამარჯვებით ლიდსის წაუგებელი სერია ლიგაში ექვს მატჩამდე გაიზარდა. გუნდმა ექვსი ქულით გადაასწრო მე-18 ადგილზე მყოფ ტოტენჰემს, რომელსაც მომავალ კვირას დაუპირისპირდება.