იტალიის ნაკრებმა მორიგი კოშმარი გადაიტანა. 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფში, ბოსნია-ჰერცეგოვინასთან დრამატული ბრძოლის შემდეგ, აძური მუნდიალის მიღმა დარჩა. შეხვედრის ძირითადი დრო 1:1 დასრულდა, პენალტების სერიაში კი ბოსნიელებმა 4:1 გაიმარჯვეს.
ეს შედეგი ისტორიული ანტირეკორდია: იტალია ზედიზედ მესამედ ვერ მოხვდა მსოფლიოზე. გულშემატკივრებმა ამ წარუმატებლობის მიზეზების ძიება უკვე დაიწყეს და სოციალურ ქსელებში კვლავ პოპულარული გახდა თეორია „ზინედინ ზიდანის წყევლის“ შესახებ.
იამალი 6 წლის, კვარა კი 13-ის: რა ხდებოდა მსოფლიოში იტალიის ბოლო მუნდიალის დროს?
დრამა მოედანზე და გაცრუებული იმედები
ჩრდილოეთ ირლანდიასთან გამარჯვების შემდეგ, გატუზოს გუნდი ბოსნიასთან ფავორიტად ითვლებოდა. მატჩი იტალიელებისთვის კარგად დაიწყო, მოიზე კინმა გუნდი დააწინაურა. თუმცა, 41-ე წუთზე ალესანდრო ბასტონი მოედნიდან გააძევეს, რამაც თამაშის სცენარი შეცვალა. 79-ე წუთზე ჰარის ტაბაკოვიჩმა ანგარიში გაათანაბრა.
საქმე პენალტების სერიამდე მივიდა, სადაც ჯანლუიჯი დონარუმამ ვერცერთი დარტყმის მოგერიება ვერ შეძლო, იტალიელებმა კი გადამწყვეტ მომენტში სიზუსტე დაკარგეს.
რა არის „ზიდანის წყევლა“?
სოციალურ ქსელ X-ში (ტვიტერი) ფანები აქტიურად წერენ, რომ იტალიას 2006 წლის ფინალში მომხდარი ინციდენტი „მოსვენებას არ აძლევს“. საუბარია მომენტზე, როცა ზინედინ ზიდანმა მარკო მატერაცის თავი ჩაარტყა და მოედნიდან გააძევეს. მართალია, მაშინ იტალია ჩემპიონი გახდა, მაგრამ მას შემდეგ მათი შედეგები მუნდიალებზე კატასტროფულია:
სამხრეთ აფრიკა 2010: ჩარჩნენ ჯგუფურ ეტაპზე.
ბრაზილია 2014: კვლავ ჯგუფური ეტაპი და გამოვარდნა.
რუსეთი 2018: პლეი-ოფში შვედეთთან მარცხი და ტურნირის მიღმა დარჩენა.
ყატარი 2022: სენსაციური მარცხი ჩრდილოეთ მაკედონიასთან.
ჩრდილოეთ ამერიკა 2026: მარცხი ბოსნია-ჰერცეგოვინასთან.
ფაქტია, რომ ოთხგზის მსოფლიო ჩემპიონი უდიდეს კრიზისშია. 2026 წლის მუნდიალის გამოტოვებით, იტალიის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის ფლეი-ოფში 20 წლის განმავლობაში არ ექნება ნათამაშები, თავად ტურნირზე კი მათი პაუზა 12 წლამდე გაიზარდა.