საფრანგეთის თასის ფინალში პსჟ რეიმსს დაუპირისპირდება (23:00) და შეეცდება ამ სეზონში ჩემპიონატის შემდეგ თასიც მოიგოს და დუბლი შეასრულოს.
თავის მხრივ მეორე ფრანგული ტიტულისთვის იბრძოლებს ხვიჩა კვარაცხელიაც, რომლის დებიუტიც პსჟ-ში სწორედ რეიმსის წინააღმდეგ შედგა. იმ მატჩში (1-1) ქართველმა საგოლე გადაცემა შეასრულა, რომელიც გოლად უსმან დემბელემ აქცია.
პარიზელებმა თასზე ასპარეზობა 1/32 ფინალიდან დაიწყეს და ფინალის გზაზე შემდეგი გუნდები დაამარცხეს: ლანსი (1-1, პენალტებში 3-4), ესპალი (2-4), ლე მანი (0-2), სტედ ბრიოშინი (0-7) და დუნკერკი (2-4).
რეიმსის გზა კი ფინალამდე ასეთი იყო: მუციგი (1-3), მონაკო (1-1, პენალტებში 3-1), ბურჟონ-ჟალე (0-0, პენალტებში 2-3), ანჟერი (1-1, პენალტებში 3-5) და კანი (1-2).
რეიმსმა ფინალამდე დიდი ბრძოლები გადაიტანა და 5 მატჩიდან 3 შემთხვევაში პენალტების სერიით მოუწია შემდეგ ეტაპზე გასვლა, ფრე არც პსჟ-სთან არის მათთვის უცხო.
პარი სენ-ჟერმენისა და რეიმსის ბოლო 6 დაპირისპირებიდან 5 ფრედ დასრულდა და მხოლოდ ერთხელ მოახერხა პარიზულმა გუნდმა გამარჯვება.
რეიმსი საფრანგეთის თასის ფინალში ისტორიაში მეოთხედ არის, ბოლო 48 წელიწადში კი - პირველად. ამ კლუბს ეს ტიტული 2-ჯერ აქვს მოგებული, ბოლოს კი ეს 1958 წელს მოახერხა.
თავის მხრივ პარიზელთა მწვრთნელ ლუის ენრიკეს აქვს შანსი მნიშვნელოვანი მიღწევა დააფიქსიროს და 2 სეზონში პსჟ-სთან ერთად მე-6 ფრანგული ტიტული მოიგოს. ესპანელი უკვე არის პირველი მწვრთნელი, რომელმაც პირველი 5 ფრანგული ტურნირის მოგება მოახერხა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო.
პარიზული გუნდის გამარჯვების შემთხვევაში, ეს მათ ისტორიაში მე-16 საფრანგეთის თასი იქნება.
სავარაუდო შემადგენლობები (L'Equipe)
პსჟ - დონარუმა; ჰაკიმი, მარკინიოსი, პაჩო, მენდეში; ნევეში, ვიტინია, რუისი; ბარკოლა, დემბელე, კვარაცხელია
რეიმსი - დიუფი; სეკინე, ოკუმუ, ბანე, კიპრე, აკიემე; იტო, ატანგანა, კონე, ნაკამურა; სიბაშო
შეხვედრას 42 წლის ბენუა ბასტიენი განსჯის, რომელმაც ლიგა 1-ის წლევანდელ სეზონში 17 თამაშში იმსაჯა - 72 ყვითელი, 1 მეორე ყვითელი, 1 წითელი ბარათი და 10 დანიშნული პენალტი.
თასის ფინალი სტად დე ფრანსზე გაიმართება. მატჩი ჩვენი დროით 23:00 საათზე დაიწყება.