2025 წლის Golden Boy დეზირე დუე გახდა.
20 წლის ფრანგმა შემტევმა ჯილდო პარი სენ-ჟერმენთან ერთად ჩატარებული ბრწყინვალე სეზონის შემდეგ მიიღო. დუემ პსჟ-სთან ერთად 2025 წელს საფრანგეთის ჩემპიონატი, თასი, სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგა და უეფას სუპერთასი მოიგო.
გასულ სეზონში დეზირემ 61 მატჩში 16 გოლი და 16 საგოლე გადაცემა მიითვალა, აქედან 2 გოლი და 1 ასისტი მან ჩემპიონთა ლიგის ფინალში ჩაიწერა აქტივში.
Tuttosport-ის მიერ ორგანიზებული Golden Boy-ს გამარჯვებული 2024 წელს ლამინ იამალი გახდა. ესპანელი წელს სწორედ ამის გამო არ იყო წარდგენილი ნომინაციაში, რადგან მოთამაშეს Golden Boy-ს 2-ჯერ მოგება არ შეუძლია.
დეზირე დუე კი გახდა მე-4 ფრანგი, რომელმაც აღნიშნული ჯილდო მოიგო. 2013 წელს Golden Boy პოლ პოგბა გახდა, 2015 წელს - ანტონი მარსიალი, 2017 წელს კი - კილიან მბაპე.
საფრანგეთზე წინ ქვეყნების მიხედვით მხოლოდ ესპანეთია, რომელსაც 5 გამარჯვებული ჰყავს - სესკ ფაბრეგასი, ისკო, პედრი, გავი და ლამინ იამალი.