საქართველოს ეროვნული ლიგის 26-ე ტურის მატჩები დაძაბული და საინტერესო გამოდგა.
სატურნირო ცხრილის ლიდერმა რუსთავმა სტუმრად ტყიბულის მეშახტე მინიმალური სხვაობით, 1:0 დაამარცხა. შეხვედრის ერთადერთი გოლი პირველი ტაიმის მიწურულს (45-ე წუთზე) ლუკა პარკაძემ გაიტანა, რომელმაც კონტრშეტევაზე ითამაშა და ავსტრიიდან დაბრუნების შემდეგ თავის ანგარიშზე ელიგაში სადებიუტო ბურთი ჩაიწერა.
არანაკლებ დრამატული გამოდგა ქუთაისის ტორპედოსა და წყალტუბოს სამგურალის დაპირისპირება რამაზ შენგელიას არენაზე, სადაც მასპინძლებმა 3:2 იმარჯვეს.
მატჩი სამგურალის აქტიურობით დაიწყო და მე-4 წუთზე ირაკლი სირაძემ ანგარიში გახსნა, თუმცა ტორპედოელთა რიგებში გიორგი არაბიძემ იბრწყინა. მან 22-ე წუთზე შესანიშნავი საჯარიმო დარტყმით წონასწორობა აღადგინა, ხოლო მისივე მოწოდებული კუთხურების შემდეგ კომნენ ანდრიჩმა და ნოდარ ლომინაძემ ტორპედო დააწინაურეს.
წყალტუბოელებმა მატჩის მიწურულს (90+5-ე წუთზე) ომარ პატარკაციშვილის გოლით სხვაობა შეამცირეს, თუმცა ქუთაისელებმა გამარჯვება შეინარჩუნეს.