კრიშტიანუ რონალდუმ განაცხადა, რომ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც კანადაში, მექსიკასა და შეერთებულ შტატებში გაიმართება, ამ ტურნირზე მისი ბოლო გამოსვლა იქნება.
„რა თქმა უნდა, ეს სიმართლეა, რადგან მაშინ 41 წლის ვიქნები, როგორც უკვე ვთქვი, ამ მომენტით ვტკბები,“ - აღნიშნა პორტუგალიელმა ფეხბურთელმა საუდის არაბეთში გამართულ ტურიზმის ფორუმზე (TOURISE) მიცემულ ინტერვიუში, როცა მას ჰკითხეს, იქნება თუ არა მომდევნო მსოფლიო ჩემპიონატი მისთვის უკანასკნელი.
როდესაც მას ბოლო განცხადებებზე ჰკითხეს, სადაც თქვა, რომ „მალე“ აპირებს კარიერის დასრულებას, კრიშტიანუმ ხუმრობით უპასუხა: „ეს მოხდება ათ წელიწადში“.
„ეს (ათ წელიწადში) ნიშნავს ‘მალე’ ჩემთვის. ხალხს ჰგონია, რომ როცა ვამბობ, რომ მალე დავასრულებ, ეს ნიშნავს ექვს თვეში ან ერთ წელიწადში. უბრალოდ ვხუმრობ!“ - თქვა ხუთგზის „ოქროს ბურთის“ მფლობელმა სიცილით.
თუმცა, მან აღიარა, რომ „როცა გარკვეულ ასაკს აღწევ, იწყებ თვეების სწრაფად დათვლას,“ მაგრამ ამასთან აღნიშნა, რომ თავს შესანიშნავად გრძნობს, აგრძელებს გოლების გატანას და სიამოვნებას იღებს როგორც ალ ნასრში, ისე პორტუგალიის ნაკრებში თამაშით.
„ფეხბურთში ვცდილობ გოლებით სიამოვნება მივიღო. როგორც იცით, 40 წლის ვარ და ვცდილობ ამ მომენტით ვისიამოვნო და გავაგრძელო თამაში. ვფიქრობ, ჩემი სხეული კარგ ფორმაშია. რაც შეეხება ეროვნულ გუნდს, ვიტან გოლებს და გუნდს ვეხმარები. მინდა ტიტულები მოვიგო - ეს არის ჩემი ცხოვრება,“ — განაცხადა CR7-მა, რომელიც ოფიციალური 1000 გოლის ნიშნულს უახლოვდება.