საქართველოს ნაკრებში ჩატარებული ბოლო მატჩის შემდეგ გიორგი ლორიამ მედიასთან კომენტარი გააკეთა.
"ამის გადმოცემა მიჭირს, როგორც გუშინ აღვნიშნე, ძალიან რთულია, მაგრამ ყველაზე მთავარი ისაა, რომ მე ვარ ამაყი, რომ მომიწია ამ წლების განმავლობაში საქართველოს ნაკრებში ყოფნა და თამაში. რაც მთავარია, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, ძალიან ბევრი ქართველი ფეხბურთელისთვის სტიმული ვიყავი.
იგივე აქ არიან ახლა ბიჭები, რომლებმაც მითხრეს, რომ მე ვიყავი ის სტიმული, როცა მათ გადაწყვიტეს თამაში დაეწყოთ. ეს არის ყველაზე დიდი რამ ჩემთვის, როგორც ქართველი ადამიანისთვის და ფეხბურთელისთვის. ის დაფასება, რაც დღეს ვიგრძენი და რასაც ვგრძნობდი ამ წლების განმავლობაში, არის ფასდაუდებელი და მინდა გადავუხადო მადლობა სრულიად საქართველოს, ქართველ გულშემატკივარს.
დღეს ახალი სახეებისთვის საინტერესო თამაში იყო, რომ გამოეჩინათ საკუთარი შესაძლებლობები. კარგია, რომ მოვიგეთ და კარგად ვითამაშეთ. საქართველოს ნაკრების კარი ღიაა ყველასთვის, მთავარია შრომა და მონდომება.
დღევანდელი მოგერიება? ვიფიქრე, ადრე ხომ არ არის-მეთქი (წასვლა).
განვლილი პერიოდი არის პასუხი პატარა გიორგი ლორიასთვის, რომ არ გავჩერდი, როცა ვფიქრობდი, რომ უნდა გავჩერებულიყავი, გავაგრძელე ჩემი მშობლების გვერდზე დგომით, მამაჩემის განსაკუთრებით, სულ მეუბნებოდა, რომ ვნახავდი, რისი დამტკიცება შემეძლო." - განაცხადა ლორიამ.
ქართველმა მეკარემ ფარერის კუნძულებთან ბოლო, 79-ე მატჩი ჩაატარა ეროვნულ გუნდში და სანაკრებო კარიერა დაასრულა.
ლორიას გაცილება და ხარებაშვილის რეკორდი - საქართველომ ფარერები დაამარცხა