-
Aa
+
ფონტის ზომა
ჩრდილოეთ ამერიკაში გამართული მსოფლიო ჩემპიონატი ესპანეთმა არგენტინასთან ფინალში ტექნიკური და ტაქტიკური სრულყოფილების დემონსტრირებით დაასრულა.
არგენტინელებს ტურნირის ყველა წინა მატჩში მინიმუმ 2 გოლი ჰქონდათ გატანილი, მაგრამ ამჯერად მათთვის უჩვეულოდ უხიფათო თამაში გამოუვიდათ.
ლიონელ სკალონის გუნდმა 120 წუთის განმავლობაში კარში ერთხელაც ვერ დაარტყა ზუსტად. მათი მცდელობები მხოლოდ დამატებით დროში დაფიქსირდა და არცერთხელ არ შექმნილა რეალური საფრთხე უნაი სიმონის კართან.
„შესანიშნავი გუნდი გვყავს, პირველი წუთიდანვე დიდი ბრძოლა გავმართეთ. ასე ვთამაშობდით ტურნირის დასაწყისიდანვე, კაბო ვერდეს წინააღმდეგაც ვაკონტროლებდით ბურთს, ვქმნიდით მომენტებს, მაგრამ მაშინ უბრალოდ ვერ გავიტანეთ.“ - განაცხადა პედრო პორომ.
ჩვენ ბოლომდე დავრჩით ჩვენი სათამაშო სტილის ერთგულნი.
მატჩში, სადაც ფსონები მაქსიმალურად მაღალი იყო, ესპანეთს არც ერთხელ არ გადაუხვევია საკუთარი გზიდან და არ დაუკარგავს კონცენტრაცია. გუნდი მშვიდად აკონტროლებდა ტემპს, როგორც ეს მერვედფინალში პორტუგალიასთან და მეოთხედფინალში ბელგიასთან მოგებისას გააკეთა.
ლუის დე ლა ფუენტეს გუნდმა საფუძველი საკუთარ წარმატებას ჯერ კიდევ 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე ჩაუყარა. 2 წლის წინ ესპანეთი უფრო პირდაპირ ფეხბურთს თამაშობდა და უფრო ხშირად ერთვებოდა ღია, შეტევით თამაშში, რის შედეგადაც პლეი-ოფის 4 შეხვედრაში 4 გოლი გაუშვა.
ჩრდილოეთ ამერიკაში კი ესპანეთმა მხოლოდ 1 გოლი მიიღო საკუთარ კარში. ასეთი შედეგი მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში უპრეცედენტოა.
ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელისთვის განკუთვნილი ოქროს ბურთის მფლობელმა, როდრიმ, FIFA-ს განუმარტა, თუ როგორ მოახერხა ესპანეთმა ყველა მეტოქეზე დომინირება.
ჩვენ ვართ გუნდი, რომელსაც თამაშის ყველაზე მეტი სცენარის კონტროლი შეუძლია. პრესინგი, ბურთის ფლობა, კონტრშეტევები, სტანდარტები... ვფიქრობ, ფეხბურთის ყველა კომპონენტში ესპანეთი თამაშს საუკეთესოდ მართავს.
როდესაც როდრი თამაშის ტემპს აჩქარებს, მთელი ესპანეთი მას მიჰყვება. როცა ის მეტოქის რიტმის დარღვევას გადაწყვეტს, მთელი გუნდი საოცარი სიმშვიდით მოქმედებს და საკუთარ სტრუქტურას არასოდეს კარგავს.
მსოფლიო ჩემპიონები შესაძლოა 2 წლის წინანდელთან შედარებით ნაკლებად სანახაობრივნი იყვნენ, თუმცა ამჯერად მათ სწორედ კონტროლი აქციეს საკუთარ მთავარ იარაღად.
„ვიცოდით, რომ ბევრ გოლს არ გავუშვებდით, მაგრამ ასევე ვიცოდით, რომ ნებისმიერ მეტოქესთან კონკურენცია შეგვეძლო. საბოლოოდ კი შესანიშნავი ჯილდოც მივიღეთ.“ - განაცხადა პედრო პორომ.
4 წლის წინ მსოფლიო ჩემპიონობა არგენტინამ შტორმის გადალახვით მოიპოვა. წელს კი თასი ესპანეთმა აღმართა, რომელმაც ტურნირზე სიმშვიდე და წესრიგი დააბრუნა.
ესპანური ჩემპიონობა რიცხვებში ასე გამოიყურება:
790 - როდრიმ ტურნირზე 790 ზუსტი პასი შეასრულა და საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა - მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ერთ ტურნირზე ფეხბურთელის მიერ შესრულებული ყველაზე მეტი პასი.
2022 წლის ყატარის მუნდიალზე მან 638 წარმატებული პასი გააკეთა და ამით 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ჩავის მიერ დამყარებული რეკორდი (599) მოხსნა. ჩრდილოეთ ამერიკაში მისი უახლოესი მდევრები პაუ კუბარსი (668) და აიმერიკ ლაპორტი (618) იყვნენ.
750 - მარკ კუკურელიამ და პაუ კუბარსიმ ტურნირზე 750 წუთი ითამაშეს, რაც მოედანზე მოთამაშე ფეხბურთელებს შორის საუკეთესო მაჩვენებელია. მათ ამ მხრივ მხოლოდ არგენტინის ნახევარმცველი ალექსის მაკ ალისტერი გაუთანაბრდა.
58 - მიკელ ოიარსაბალმა მეტოქეს 58-ჯერ აართვა ბურთი, ეს ტურნირის საუკეთესო შედეგია. მას მოჰყვნენ მისი თანაგუნდელი პედრი და მაროკოელი ნილ ელ აინაუი (ორივეს 51). ხოლო დანი ოლმომ ყველაზე მეტი, 305 თავდაცვითი პრესინგი განახორციელა.
38 - ნიუ-იორკ/ნიუ-ჯერსის სტადიონზე მოპოვებული გამარჯვების შემდეგ ესპანეთის წაუგებელი სერია 38 მატჩამდე გაიზარდა, რაც მამაკაცთა ეროვნულ ნაკრებებს შორის ახალი მსოფლიო რეკორდია.
2024 წლის მარტში კოლუმბიასთან 0:1 მარცხის შემდეგ „ლა როხამ“ 29 მატჩი მოიგო და 9 ფრედ დაასრულა. წინა რეკორდი იტალიას ეკუთვნოდა, რომელიც 2018-2021 წლებში 37 მატჩი არ დამარცხებულა.
35 - ლამინ იამალმა ტურნირზე ყველაზე მეტი, 35 წარმატებული დრიბლინგი შეასრულა. მას მოსდევდნენ კილიან მბაპე (28), ლიონელ მესი (25), ვინისიუს ჟუნიორი (23) და ჟერემი დოკუ (21).
მსოფლიო ჩემპიონატის ერთ ტურნირზე ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგის რეკორდი დიეგო მარადონას ეკუთვნის - 53 (მექსიკა 1986). ამ საუკუნეში საუკეთესო შედეგი კი ლიონელ მესის აქვს - 46 (ბრაზილია 2014).
19 - ლამინ იამალი, 19 წლისა და 6 დღის ასაკში, მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული ისტორიაში მე-4 ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა.
მასზე ახალგაზრდები მხოლოდ 18 წლის იტალიელი ჯუზეპე ბერგომი და 17 წლის ბრაზილიელები პელე და რონალდო იყვნენ. პაუ კუბარსი, 19 წლისა და 178 დღის ასაკში, ამ სიაში მე-7 ადგილზე გავიდა და კილიან მბაპეს გადაასწრო.
14 - ესპანეთმა ამ მსოფლიო ჩემპიონატზე 14 გოლი გაიტანა, ეს მათი საუკეთესო შედეგია მუნდიალების ისტორიაში.
წინა რეკორდი 12 გოლი იყო, რომელიც ემილიო ბუტრაგენიოს ლიდერობით 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე დაფიქსირდა. 2010 წლის ჩემპიონურ კამპანიასთან შედარებით კი ესპანეთმა 6 გოლით მეტი გაიტანა.
7 - ესპანეთმა მსოფლიო ჩემპიონობა ზედიზედ 7 გამარჯვებით მოიპოვა. მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში უფრო ხანგრძლივი გამარჯვებების სერია მხოლოდ ბრაზილიას ჰქონდა - 11 მატჩი (2002-2006).
6 - უნაი სიმონმა 8 მატჩიდან შვიდში კარი მშრალად შეინახა, რაც მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ერთ ტურნირზე საუკეთესო შედეგია.
აქამდე რეკორდი 5 „მშრალ მატჩს“ შეადგენდა და იან იონგბლუდს (1974), ვალტერ ძენგას (1990), ტაფარელს (1994), ფაბიენ ბარტეზს (1998), ოლივერ კანს (2002), ჯანლუიჯი ბუფონს (2006) და იკერ კასილიასს (2010) ეკუთვნოდათ.
სიმონმა, რომელმაც 2022 წლის მუნდიალის ბოლო მატჩშიც კარი მშრალად შეინახა, მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში 650-წუთიანი უგოლო სერია დააფიქსირა, სანამ ბელგიელმა შარლ დე კეტელარემ მეოთხედფინალში მისი კარი აიღო. ამ მაჩვენებლით მან ვალტერ ძენგას 517-წუთიანი რეკორდი მოხსნა.
5 - მიკელ ოიარსაბალმა ტურნირზე 5 გოლი გაიტანა და მსოფლიო ჩემპიონატებზე ესპანეთის რეკორდი გაიმეორა. მანამდე ამ ნიშნულს მხოლოდ ემილიო ბუტრაგენიომ (1986) და დავიდ ვილიამ (2010) მიაღწიეს.
2 - ფერან ტორესი გახდა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში მხოლოდ მე-2 სათადარიგო ფეხბურთელი, რომელმაც გამარჯვების გოლი გაიტანა. მანამდე ეს მხოლოდ მარიო გიოტცემ შეძლო 2014 წლის ფინალში გერმანიის მაისურით.
მთლიანობაში ფერანი გახდა მე-5 ფეხბურთელი, რომელმაც ფინალში სათადარიგოთა სკამიდან შემოსვლის შემდეგ გაიტანა. მანამდე ეს გიოტცესთან ერთად დიკ ნანინგამ (ნიდერლანდები), ალესანდრო ალტობელიმ (იტალია) და რუდი ფიოლერმა (დასავლეთ გერმანია) მოახერხეს. საინტერესოა, რომ ამ 5-დან ოთხმა სწორედ არგენტინის წინააღმდეგ გაიტანა.
1 - ესპანეთმა ტურნირზე მხოლოდ 1 გოლი გაუშვა, რაც მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული გუნდის ისტორიაში საუკეთესო შედეგია.
აქამდე რეკორდი 2 გაშვებული გოლი იყო და მას საფრანგეთი (1998), იტალია (2006) და თავად ესპანეთი (2010) ფლობდნენ.

თაზო ჩარკვიანი
კომენტარები

