მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის გადამწყვეტი მომენტი დადგა.
კვირას, 19 ივლისს, ნიუ-ჯერსის სტადიონზე ერთმანეთს ევროპის მოქმედი ჩემპიონი ესპანეთი და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი არგენტინა დაუპირისპირდებიან. ეს იქნება ნამდვილი საუკუნის შეჯახება, სადაც ერთმანეთს ფეხბურთის ლეგენდა ლეო მესი და მსოფლიო ფეხბურთის მთავარი ამომავალი ვარსკვლავი ლამინ იამალი შეხვდებიან.
ბუკმეიკერებმა ფინალის წინ ფავორიტის სტატუსი უკვე განსაზღვრეს და უპირატესობას ევროპელებს ანიჭებენ.
ესპანეთი ფინალს ფენომენალურ ფორმაში ხვდება. ნახევარფინალში საფრანგეთის 2:0 დამარცხების შემდეგ, ლუის დე ლა ფუენტეს გუნდმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ტურნირზე საუკეთესო დაცვის ხაზი აქვს. მათ 7 შეხვედრაში მხოლოდ 1 გოლი გაუშვეს. ნახევარდაცვაში როდრის დიდებული თამაში და დაცვის საიმედოობა ესპანეთს უდიდეს სტაბილურობას აძლევს. აღსანიშნავია, რომ ამ გუნდს 2023 წლის მარტის შემდეგ ძირითად დროში მატჩი არ წაუგია.
არგენტინა კი ნამდვილი ხასიათის გუნდია. ნახევარფინალში ინგლისთან მოპოვებულმა მძიმე გამარჯვებამ (2:1) აჩვენა, რომ ჩემპიონები ტიტულის დასათმობად მზად არ არიან. ლეო მესი კარიერის საუკეთესო მუნდიალს ატარებს - მას უკვე 12 საგოლე მოქმედება (8 გოლი და 4 ასისტი) აქვს. ამასთან, არგენტინელებს საოცარი გამძლეობა ახასიათებთ: ფლეი-ოფის ეტაპზე მათ 9 გოლი მატჩის 79-ე წუთის შემდეგ გაიტანეს. თუ საქმე პენალტების სერიამდე მივა, მათ კიდევ ერთი კოზირი ჰყავთ ემილიანო მარტინესის სახით.
ფინალის ბედზე შესაძლოა გავლენა ფიზიკურმა კონდიციებმაც მოახდინოს. ესპანეთს მოსამზადებლად ერთი დღით მეტი ჰქონდა, თანაც მათ ამ ტურნირზე დამატებითი დრო ერთხელაც არ უთამაშიათ. ნიუ-ჯერსის სიცხეში ეს ფაქტორი შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს მოხუცებული არგენტინის წინააღმდეგ. კვირას საფეხბურთო სამყარო ახალ ჩემპიონს გაიცნობს.