საფრანგეთის ნაკრების გამოცდილმა მცველმა ლუკას დინმა მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში ესპანეთთან მარცხის (0:2) შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.
32 წლის ფეხბურთელი, რომელიც ტურნირის დასრულების შემდეგ პსჟ-ში გადასასვლელად ემზადება, მატჩის გარდამტეხი მომენტის ეპიცენტრში აღმოჩნდა, მისმა უხეშობამ ლამინ იამალის წინააღმდეგ პენალტი გამოიწვია, რითაც ესპანეთმა ანგარიში გახსნა.
დინმა სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი გამოაქვეყნა და მარცხის გამო პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო:
„ოცნება დასრულდა. პატარა ბიჭის ოცნება, რომელიც ჩვენს ზურგს უკან ათასობით ადამიანს აერთიანებდა. ყველაზე რთული დღეს ამ უდიდესი იმედგაცრუების გამოსახატად სიტყვების პოვნაა. პირველ რიგში, საკუთარ თავში ვარ იმედგაცრუებული. ასევე გული მტკივა გუნდის გამო, იმ უდიდესი შრომის გამო, რაც ამ გასაოცარმა ფეხბურთელებმა გასწიეს,“ — დაწერა ფრანგმა მცველმა.
დინისთვის ეს ტურნირი განსაკუთრებული იყო, რადგან მან ნაკრებში ადგილი დაიბრუნა და 12-წლიანი პაუზის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატზე კვლავ ითამაშა. მიუხედავად ნახევარფინალური დრამისა, საფრანგეთის ნაკრებისთვის მუნდიალი ჯერ არ დასრულებულა. შაბათს დიდიე დეშამის გუნდი მესამე ადგილისთვის მატჩში ინგლისს დაუპირისპირდება. დინი იმედოვნებს, რომ ნაკრები ტურნირს ბრინჯაოს მედლით დაასრულებს: „ყველაფერი არ დასრულებულა, წინ პოდიუმისთვის ბრძოლა გველის“.