საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ესპანეთში, საწვრთნელ შეკრებაზე, პირველი ვარჯიში გამართა. სფფ-ის პრესსამსახური ანრი მექვაბიშვილს გაესაუბრა.
"ძალიან რთული გასვლითი მატჩები გვაქვს. ვფიქრობ, ესპანეთთან შეხვედრაში ჩვენი შანსები აუცილებლად გვექნება და დადებითი შედეგის მისაღწევად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. თითოეულ ქულას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. სექტემბრის შეკრების შემდეგ, ყველაფერს ვაკეთებდი იმისთვის, რომ მოახლოებულ მატჩებისთვის კარგ კონდიციაში ვყოფილიყავი და მზად ვარ, ნაკრებს დავეხმარო", - თქვა მექვაბიშვილმა.
სექტემბრის სანაკრებო მატჩების შემდეგ, ანრი კრაიოვას ძირითადში ვეღარ ხვდება - 4 მატჩის ჯამში 76 წუთი აქვს ნათამაშები, ბოლო შეხვედრაში კი სრულად სათადარიგოთა სკამზე იჯდა. სეზონი ძალიან კარგად დაიწყო და საწყის 6 ტურში 4 ასისტი ჰქონდა - ამ მომენტში, რუმინეთის ჩემპიონატის 10 მატჩში ისევ 4 საგოლე პასია მის აქტივში.
საწვრთნელ პროცესში 23 ფეხბურთელი მონაწილეობდა. გუნდთან ერთად საბა ლობჟანიძეს და გიორგი გულიაშვილს არ უვარჯიშიათ, რომლებიც ნაკრებს ვარჯიშის დღეს შეუერთდნენ.
ცნობისთვის, ყვითელი ბარათების გამო, ესპანეთთან შეხვედრას ლუკა ლოჩოშვილი გამოტოვებს.
სანაკრებო პაუზის ფარგლებში, ჩვენი გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ორ შეხვედრას გამართავს - 11 ოქტომბერს ესპანეთს ელჩეში დაუპირისპირდება, ხოლო 14 ოქტომბერს თურქეთს ესტუმრება.