მადრიდულმა გამოცემა MARCA-მ, ნაკრების შეკრებაზე გამგზავრებამდე, ანრი მექვაბიშვილთან ინტერვიუ ჩაწერა. adjarabet arena ინტერვიუსთვის აწყობილი სტატიის ქართულ ვერსიას, მცირედი ცვლილებებით გთავაზობთ.
"2012 წლის 11 სექტემბერს ესპანეთის ეროვნული ნაკრები საქართველოს პირველად ეწვია. მათ, გამარჯვების მისაღწევად, დიდი ბრძოლა გადაიტანეს და ეს მხოლოდ სოლდადოს 86-ე წუთზე გატანილი გოლით შეძლეს.
ანრი მექვაბიშვილი (თბილისი, 2001 წლის 5 ივნისი) მაშინ იყო 11 წლის ბიჭი, რომელიც ფეხბურთელობაზე ოცნებობდა. ერთი წლის შემდეგ, ის თავისი ქალაქისა და ქვეყნის დიდი გუნდის, დინამო თბილისის აკადემიაში ჩაირიცხა. წლები გავიდა და ოცნება რეალობად იქცა - ის დღეს საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელია.
ის ესპანეთის წინააღმდეგ მესამედ ითამაშებს - თბილისში 7:1-ისა და ვალიადოლიდში 3:1 მარცხის შემდეგ. ევროპის ჩემპიონატის 1/8 ფინალური მატჩი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა.
ანრი ელჩეში გამგზავრებამდე MARCA-სთან საუბრობს და ამას იმ იმედით აკეთებს, რომ მისი ნაკრები ევროპის ჩემპიონებს პრობლემებს შეუქმნის.
"ესპანეთის წინააღმდეგ, ჩემი ქვეყნის დროშის ქვეშ თამაში უდიდესი პატივია. ამავდროულად, ეს მაძლევს მოტივაციას, გავაგრძელო მუშაობა, რათა ჩემს კარიერაში მსგავსი გამოწვევები ხშირად იყოს. ჩვენ ვიცით, რა გუნდია ესპანეთი, ვიცით მისი უზარმაზარი პოტენციალის შესახებ, თუმცა ჩვენ ჩვენი იარაღი გვაქვს.
პირადად მე, პედრის წინააღმდეგ თამაში მომიწევს, რაც ასევე უდიდესი გამოწვევაა. ის არის ფეხბურთელი, რომელიც თამაშობს იმ სტილითა და ხარისხით, რაც მთლიანად ესპანური ფეხბურთისთვის არის დამახასიათებელი.
საერთოდ, მე მიყვარს ესპანეთი, მისი საფეხბურთო კულტურა და ლა ლიგის სტილი. ოცნება იქნებოდა, რომ ჩემი თანაგუნდელების - ქოჩორაშვილისა და მამარდაშვილის კვალს გავყოლოდი - ისინი თქვენი ქვეყნის ისტორიულ კლუბებში ბრწყინავდნენ", - განაცხადა მექვაბიშვილმა MARCA-სთან.
სპორტმა ესპანეთისა და საქართველოს ურთიერთობები გაამყარა. ამჟამად, ლა ლიგაში ქართველთა თამაში ჩვეულებრივი ამბავია. ვიცით ისიც, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ძიუდოისტი, ესპანელი ნიკოლოზ შერაზადიშვილი თბილისშია დაბადებული. არსებობს კიდევ ერთი დიდი სახელი - ილია თოფურია", - აღნიშნულია MARCA-ს სტატიაში.