-
Aa
+
ფონტის ზომა
ახალი წესის მიხედვით, ფეხბურთელი თამაშგარე მდგომარეობაში არ იმყოფება, თუ მისი სხეულის რომელიმე ნაწილი მეტოქის ბოლოსწინა მოთამაშის სხეულის რომელიმე ნაწილთან ერთ ხაზზეა. აღნიშნული წესი მთელი წლის განმავლობაში კანადის პრემიერ ლიგაში (CPL) იტესტებოდა.
კანადის პრემიერ ლიგის რეგულარული სეზონი კვირას დასრულდა, ექსპერიმენტმა კი არაერთგვაროვანი შედეგები აჩვენა.
IFAB-ის საფეხბურთო და ტექნიკურ კომისიებს, რომლებიც ყოფილი ფეხბურთელებისგან, მწვრთნელებისა და მსაჯებისგან შედგება, წარუდგინეს მონაცემები, რომელთა მიხედვითაც, ახალი წესის გამოყენების შედეგად თამაშგარე მდგომარეობების რაოდენობა 54%-ით შემცირდა, ხოლო 112 მატჩში დამატებით 13 გოლი გავიდა.
თუმცა, ამავდროულად, სეზონის განმავლობაში გუნდების დაცვის ხაზმა საშუალოდ 3 მეტრით უკან დაიხია.
კანადის პრემიერ ლიგაში ასევე გამოსცადეს ვიდეოდახმარების სისტემა (Football Video Support), VAR-ის ალტერნატიული ვერსია, რომელიც მწვრთნელებს მატჩის განმავლობაში მსაჯის გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებას 2-ჯერ აძლევს.
ამ სისტემამ ახალი წესის გავლენის გარკვეულწილად შეზღუდვას შეუწყო ხელი, თუმცა მსგავსი მიდგომის გამოყენება ჩემპიონატების უმეტესობაში შეუძლებელი იქნებოდა.
ყველაზე მნიშვნელოვანი გავლენა სტანდარტულ მდგომარეობებზე დაფიქსირდა, რადგან მცველებს თამაშგარის ახალი წესით თავდამსხმელებისთვის მინიჭებული უპირატესობის გასანეიტრალებლად დამატებითი ზომების მიღება უწევდათ.
ამასთან, მხარდაჭერა მიიღო პენალტების სერიის დაწყებამდე მონეტის აგდების წესის შეცვლის წინადადებამ.
ამჟამად მონეტას ჯერ იმის დასადგენად აგდებენ, რომელ კართან შესრულდება პენალტების სერია, შემდეგ კი კაპიტნები წყვეტენ, რომელი გუნდი შეასრულებს პირველ დარტყმას.
შესაბამისად, შესაძლებელია, ერთმა გუნდმა ორივე გადაწყვეტილების შედეგად უპირატესობა მიიღოს.
დაგეგმილი ცვლილების მიხედვით, მონეტის აგდებაში გამარჯვებული გუნდის კაპიტანი თავად აირჩევს, რომელ კართან სურს პენალტების შესრულება თუ რომელი გუნდი დაიწყებს სერიას. მეორე არჩევანის უფლება კი ავტომატურად მეტოქე გუნდის კაპიტანს გადაეცემა.
მცირე მხარდაჭერა მიიღო წინადადებამ, რომლის მიხედვითაც, აუტისა და კარიდან ბურთის თამაშში შეყვანისთვის მოქმედი 5-წამიანი ათვლის სისტემა სხვა სტანდარტულ მდგომარეობებზეც, მათ შორის საჯარიმო და კუთხურ დარტყმებზეც უნდა გავრცელებულიყო.
ამავდროულად, წარმატებულად შეფასდა მეკარეების ტრავმებთან დაკავშირებული ახალი წესის ტესტირება, რომელიც ამჟამად ინგლისურ ფეხბურთში მიმდინარეობს.
ამ წესის თანახმად, თუ მეკარეს სამედიცინო დახმარების მისაღებად თამაში შეუჩერდება, მისი გუნდის ერთ-ერთმა მინდვრის მოთამაშემ მოედანი დროებით უნდა დატოვოს.
ცვლილების მიზანია, აღკვეთოს ტაქტიკური მიზნით დროის გაყვანა, რაც ბოლო პერიოდში საკმაოდ გავრცელებული პრაქტიკა გახდა. პრემიერ ლიგის 80 მატჩში აღნიშნული წესი ჯერჯერობით მხოლოდ 2-ჯერ გამოიყენეს.
ასევე განიხილეს წინადადება, რომლის მიხედვითაც, თუ ფეხბურთელი საჯარიმოში თავის ტრავმას მოიმიზეზებს, მაგრამ მსაჯის მიერ თამაშის შეჩერების შემდეგ სწრაფად წამოდგება, მას მოედნის 1 წუთით დატოვება არ უნდა მოუწიოს.
სამშაბათს გამართული ტექნიკური კომისიების შეხვედრები 2027/28 წლების სეზონისთვის ფეხბურთის წესებში შესაძლო ცვლილებების განხილვის პირველი ეტაპი იყო.
ფეხბურთის წესების შემმუშავებლებს არ სურთ ზედმეტად ბევრი ცვლილების განხორციელება, რადგან მსოფლიო ჩემპიონატის წინ, ზაფხულში, წესებში უკვე არაერთი მნიშვნელოვანი შესწორება შევიდა.

თაზო ჩარკვიანი
10 ივნ, 2026
19 ივლ, 2026
კომენტარები