ფროზინონეს მთავარი მწვრთნელი, მასიმილიანო ალვინი გიორგი კვერნაძის ჯანმრთელობის მდგომარეობით შეშფოთებულია.
სერია A-ს მე-13 ტურში პარმასთან დამაჯერებელი გამარჯვების (3:0) შემდეგ, სადაც ტომაშ ბობჩეკმა ჰეთ-თრიკი შეასრულა, ალვინიმ პრესკონფერენციაზე ქართველი შემტევის შესაძლო ტრავმაზე ისაუბრა.
კვერნაძემ შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, თუმცა 73-ე წუთზე კუნთზე განცდილი დისკომფორტის გამო მოედანი დატოვა და ადგილი ალესიო ძერბინს დაუთმო. როგორც აღმოჩნდა, მწვრთნელი მის შეცვლას უფრო ადრე აპირებდა, მაგრამ ფეხბურთელმა თამაშის გაგრძელება თავად მოითხოვა.
კვერნაძეზე ვერაფერს ვიტყვი, ხვალ ან ზეგ უნდა დაველოდოთ. მისი გაყვანა მინდოდა, მაგრამ დამარწმუნა, რომ კარგად იყო. გარკვეული შიში გვაქვს. იმედია, სერიოზული არაფერია
23 წლის ქართველს ორშაბათს სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდება, რის შემდეგაც დაზიანების სიმძიმე ზუსტად დადგინდება. ფროზინონეს შეტევის ხაზში არსებული ფიზიკური პრობლემების ფონზე, კვერნაძის შესაძლო გამოკლება გუნდისთვის სერიოზული დარტყმა იქნება.
მიმდინარე სეზონში ქართველი ფეხბურთელი ბრწყინვალე ფორმაშია: მან ჩემპიონატის ცამეტივე ტურში სასტარტოდან ითამაშა (1 037 წუთი), გაიტანა 3 გოლი, გააკეთა 4 საგოლე პასი და 1 პენალტი მოიპოვა (თასზე კი 1 მატჩში 2 გოლი და 1 ასისტი აქვს).