არსენალის საჩემპიონო ამბიციებს შაბათს მძიმე დარტყმა მიადგა, როდესაც გუნდი საკუთარ მოედანზე ბორნმუთთან მოულოდნელად დამარცხდა.
ემირეიტსზე განცდილი იმედგაცრუების შემდეგ, ზაფხულის ახალწვეულმა ვიქტორ გიოკერესმა აღნიშნა, რომ მასპინძელთა წარუმატებლობაში თავისი როლი სათამაშო ზედაპირის მდგომარეობამაც ითამაშა.
არსენალმა ბოლო ოთხ შეხვედრაში მესამე მარცხი იგემა და ბორნმუთთან 1:2 წააგო. ამ შედეგმა ჩრდილოეთ ლონდონური კლუბი რთულ მდგომარეობაში ჩააგდო, რადგან მანჩესტერ სიტის ეძლევა შანსი, ცხრილის სათავეში სხვაობა მინიმუმამდე შეამციროს, თუ კვირას სტემფორდ ბრიჯზე ჩელსის დაამარცხებს.
საფინალო სასტვენის შემდეგ, შვედეთის ნაკრების ფორვარდმა საკმაოდ საკამათო შეფასება გააკეთა იმის შესახებ, თუ რატომ გაუჭირდა ლიგის ლიდერს რიტმის პოვნა. BBC Match of the Day-სთან საუბრისას მან აღიარა, რომ ბორნმუთი სახიფათო იყო, თუმცა მარცხის ერთ-ერთ მიზეზად სტადიონის პირობები დაასახელა:
ისინი კონტრშეტევებზე კარგები არიან. ჰყავთ ძლიერი ფეხბურთელები და რამდენიმე კარგი კომბინაცია გაითამაშეს. თუმცა, ჩვენ უკეთ უნდა ვიმოქმედოთ. ბოლოში რამდენიმე მომენტი გვქონდა. მინდორი ცოტა მშრალი იყო, რამაც ხელი არ შეგვიწყო. საკუთარ თავში დარწმუნებული ვარ. ზედმეტად არ უნდა ჩავიციკლოთ იმაზე, რაც დღეს მოხდა. წინ უნდა გავიხედოთ და პოზიტიურად განვეწყოთ.
მიკელ არტეტამაც არ დაზოგა საკუთარი გუნდი და ეს მარცხი ფეხბურთელებისთვის ერთგვარ გამოსაფხიზლებელ სიგნალად შეაფასა. ესპანელმა სპეციალისტმა აღიარა, რომ მის გუნდს აკლდა ცივსისხლიანობა იმ ბორნმუთის დასამარცხებლად, რომელსაც უკვე 11 მატჩია არ წაუგია.
ეს იმედგაცრუებაა. ეს არის ძლიერი დარტყმა სახეში და ახლა მთავარია, როგორი რეაქცია გვექნება. ისინი შემთხვევით არ არიან 11 მატჩი წაუგებლად, ბევრი რამ სწორად გააკეთეს. ჩვენ ეფექტურობისგან შორს ვიყავით. პირველივე მომენტში, როცა მათ ჩვენს საჯარიმოზე შეუტიეს, რიკოშეტი, ცუდი დაცვითი მოქმედება და გოლი მივიღეთ. ამისგან უნდა გავძლიერდეთ. მეორე ტაიმში სულ სხვა თამაშს ველოდით, თუმცა დღეს ბევრი უცნაური რამ ჩავიდინეთ. მანამდე ძალიან სტაბილურები ვიყავით, მაგრამ ასეთი რამ ხდება, ეს ფეხბურთია.