მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
24 ოქტომბერი
ილია თოფურიამ მაქს ჰოლოუეისთან პირისპირ დგომის შემდეგ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.
"მადლობა ღმერთს შესაძლებლობის მოცემისთვის, რომ ვიქნები პირველი, ვინც მას დაანოკაუტებს 16-0-სთვის." - წერს თოფურია ინსტაგრამზე.
24 ოქტომბერი
ილია თოფურიას არ მოეწონა ის, რომ მისმა მეტოქემ, მაქს ჰოლოუეიმ, საკუთარ თავს UFC-ს საუკეთესო მოკრივე უწოდა.
„ჰოლოუეი კარგი დამრტყმელია. თუმცა, საუკეთესო მოკრივე ნამდვილად არ არის და ცოტა სირცხვილია, თავს ასე რომ მოიხსენიებს. ასეა თუ ისე, მას კარგი გამოცდილება აქვს და ოქტაგონზე მომთმენიც არის.
ყველა მებრძოლი კარგად გამოიყურება, როცა ოქტაგონზე საკუთარი სტილით ეძლევა ბრძოლის წაყვანის საშუალება და ნაკლები ზეწოლა აწვება.
შაბათს საღამოს ის იგრძნობ იმას, რაც წარსულში არცერთ სხვა მებრძოლთან არ უგრძვნია." - აღნიშნა თოფურიამ.
23 ოქტომბერი
ილია თოფურია უკმაყოფილოა, რომ მისი მაქს ჰოლოუეისთან ბრძოლის დროს ჩაინიშნა ლა ლიგის მე-11 ტურში გასამართი ელ კლასიკოც.
„ვნახოთ, შეიძლება ჰოლოუეის ნაცვლად ის გავთიშო, ვინც ჩემს ბრძოლას ელ კლასიკო დაამთხვია"
ჟურნალისტი: „ეს ხავიერ ტებასმა [ლა ლიგის პრეზიდენტი - ავტ] გააკეთა."
"მაშინ შემდეგი ტებასია." - აღნიშნა ქართველმა მებრძოლმა.
22 ოქტომბერი
UFC-ის პრეზიდენტმა დანა უაითმა განაცხადა, რომ მას არ მოსწონს ილია თოფურიასა და მაქს ჰოლოუეის ჩხუბი, რადგან ეს ნიშნავს, რომ რომელიმემ უნდა წააგოს.
"თოფურია-ჰოლოუეის ჩხუბი საშინელებაა, რადგან როცა ორივე მებრძოლი მოგწონს და ისინი ერთმანეთს უპირისპირდებიან, რომელიმემ უნდა წააგოს.
ეს ისეთი ბრძოლაა, რომ არ მინდა, რომელიმე დამარცხდეს." - თქვა UFC-ის პრეზიდენტმა Outta Pocket-თან საუბარში.
22 ოქტომბერი
ილია თოფურიამ მაქს ჰოლოუეისთან მოახლოვებულ ბრძოლაზე ისაუბრა.
„მაქს ჰოლოუეის უდიდეს პატივს ვცემ. მახსოვს დრო, როცა მის პროფესიონალურ კარიერას ვადევნებდი თვალს.
მაგრამ, მინდა გავხდე პირველი, ვინც მას გაანადგურებს. მაქსი - დიდებული მებრძოლია, მას ზურგს უდიდესი ისტორია უმაგრებს.
თუმცა, ეჭვი არ მეპარება, რომ სწრაფ გამარჯვებას მოვიპოვებ. თუ ის ოქტაგონის შუაში დამიდგება, ბრძოლა პირველ 10 წამშივე დამთავრდება." - აღნიშნა ქართველმა.
20 ოქტომბერი
ამერიკელი მებრძოლი მაქს ჰოლოუეი ილია თოფურიასთან ასაკობრივ სხვაობას პრობლემად არ მიიჩნევს.
„ილია 29 წლის არის, მე 32. მე აქ ვარ, ეს ახალი ერაა. ის, რომ მე თოფურიაზე დიდხანს ვცოცხლობ, არ ნიშნავს, რომ მოხუცი ვარ." - აღნიშნა ჰოლოუეიმ.
16 ოქტომბერი
ილია თოფურიამ არიელ ჰელუანის შოუში მაქს ჰოლოუეისთან ბრძოლაზე ისაუბრა.
"მართალია, რომ მაქსი ჩემთან ბრძოლას თავს არიდებდა. მან ასეთი რამ თქვა: "UFC-ს ვუთხარი, რომ მარტივი ბრძოლა მინდა, ილია თოფურიასთან ბრძოლა მსურს." - ეს ტყუილია. ჩელენჯერი არასდროს ირჩევს ბრძოლებს. მე ვარ ჩემპიონი და მე ვირჩევ, ვისთან ვიბრძოლებ. მე კი ვთქვი, რომ მაქს ჰოლოუეისთან ბრძოლა მინდოდა, მათ კი მითხრეს, რომ ის მაღალ წონაში დარჩენას და მაიკლ ჩენდლერთან ბრძოლას ითხოვდა, თუმცა შემდეგ მას უთხრეს: "არა, მაქს, შენ ილიას უნდა ებრძოლო, რადგან ის ითხოვს ამას." და მას მოუწია, რომ ამას დათანხმებოდა, მაგრამ თავიდან თავის არიდებას ცდილობდა.
მე ვაპირებ, რომ თითით ოქტაგონისკენ მივუთითო და ვნახოთ, რას იზამს, მე ოქტაგონის შუაში ვიდგები და შევებრძოლოთ, მზად ხარ? მეც მზად ვარ. პირველ 10 წამში მე თითით ოქტაგონის შუაში მივუთითებ და იქ დავრჩები. მინდა, რომ გულშემატკივრებს UFC-ის ისტორიაში საუკეთესო და ყველაზე ამაღელვებელი 10 წამი ვაჩუქო. ისინი ამას იმსახურებენ.
UFC-ის მებრძოლების პროგნოზები ვნახე. მას შემდეგ რაც მაქსს დავანოკაუტებ, ვინც ჩემს წინააღმდეგ აკეთებს პროგნოზებს, თუ მნახავს, არ მომესალმოს.
ყველაფერი პირველ რაუნდში დამთავრდება. ის ჩემს დონეზე არაა. ვოლკანოვსკიმ, რომელმაც ის 3-ჯერ დაამარცხა, მეორე რაუნდში შეძლო მისი დანოკაუტება, რატომ ფიქრობთ, რომ მე პირველ რაუნდში ვერ შევძლებ ამას? რა თქმა უნდა, ალექსი მაქსზე რთული მეტოქე იყო. ვოლკანოვსკი ნამდვილად უფრო რთული მეტოქეა არა მარტო ჩემთვის, არამედ ყველასთვის." - განაცხადა ქართველმა მებრძოლმა.
10 ოქტომბერი
მებრძოლებს შორის დაპირისპირებას ESPN-მა უმასპინძლა, სადაც მათი ერთობლივი ჩართვა ვიხილეთ.
ილიამ და მაქსმა სიტყვები გაცვალეს და 26 ოქტომბრის მოლოდინი კიდევ უფრო გაამძაფრეს. გთავაზობთ ამონარიდებს.
ილია: "გიწვევ, რომ ის გაცვლა (გეიჯისთან ბოლო 10 წამში) ჩემთან გააკეთო, მაგრამ ბრძოლის პირველ 10 წამში და ნახავ, რაც მოხდება."
ილია: "მაქსისა და გეიჯის ჩხუბის ყურებით მოვიწყინე. ერთადერთი კარგი ამ ჩხუბში ბოლო 10 წამი იყო, სიმართლე რომ ვთქვა. ვერ ვნახე ვერანაირი ტექნიკა, სტრატეგია. იმ ნოკაუტში 0 ტექნიკა იყო. ეს უბრალო გაცვლები იყო."
მაქსი: "შენი სახე სხვა რამეს ამბობდა."
მაქსი: "მან BMF-ის ქამარი იყიდა. ის ჩემი დიდი გულშემატკივარია წლებია და მან ეს იცის. ამიტომაც მსტალკავს ტვიტერზე და ინსტაგრამზე. გაფუჭებული ბავშვია, მან ფული ამ ქამრის ყიდვაში გადაყარა."
ილია: "26 ოქტომბერს შესაძლოა შენ გახდე ჩემი გულშემატკივარი და დაიწყო ჩემგან სწავლა. გულწრფელად რომ ვთქვა, მაქსის გულშემატკივარი ბევრი წელი ვიყავი. MMA-ში ჩემი პირველი ნაბიჯების შემდეგ შენი კარიერის პიკს მივყვებოდი. შენ დიდებული მაგალითი იყავი ახალი თაობისთვის, მაგრამ ახლა ჩემი დროა."
ილია: "ვერავინ გადაგარჩენს, როგორც კი ოქტაგონის კარი დაიხურება."
მაქსი: "შენ მსაჯი გადაგარჩენს."
ილია: "შენ უკვე იცი, როგორი შეგრძნებაა წაგების შემდეგ დაბრუნება. შენ უკვე 7-ჯერ წააგე, მე 0 წაგება მაქვს."
მაქსი: "შენ არ ხარ მოკრივე, შენ არ გაქვს მოკრივის ინტელექტი."
ილია: "კარგია, კარგია, ეს მომწონს. ესე იგი მე არ მაქვს მოკრივის ინტელექტი, ამასაც ვნახავთ."
მაქსი: "ვნახავთ."
ილია: "შენ დაგაძალეს ჩემთან ბრძოლა. მაიკლ ჩენდლერთან, კონორ მაკჩიკენთან და სხვა მებრძოლებთან ჩხუბს ითხოვდა, რადგან მე გამირბოდი."
მაქსი: "ვინ გითხრა ეს? მოკეტე, იტყუები. ეს ტიპი მატყუარაა. მე ვითხოვე შენთან ბრძოლა. არასდროს მითხოვია მაიკლ ჩენდლერთან ბრძოლა, რატომ უნდა ვებრძოლო მას? მე ყველაზე ადვილი ბრძოლა მინდა. მე ილია თოფურია მინდა, ეს არის, რასაც ვამბობ. ჰავაიზე ქამრით და წონაში მომატებული წავალ.
ილია: "უკვე გავხსენი მოხუცების თავშესაფარი. ვოლკანოვსკის უკვე აქვს თავისი ოთახი, მეორე ოთახი შენთვის მაქვს. 26 ოქტომბერს იქ მოგათავსებ უფასოდ, არ ინერვიულო, არანაირი ხარჯები."
1 ოქტომბერი
ილია თოფურიამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.
"ვიქნები პირველი, ვინც მას გათიშავს. ეს იქნება აბსოლუტური დომინაცია. ეს ეძღვნება ყველა იმ ბიჭსა და გოგოს, ვინც მე მომყვება და იცის, რომ ყველაფერი შესაძლებელია, თუ გაქვს რწმენა და მიზანი. არ დაგავიყწდეთ, რომ არ აქვს მნიშვნელობა, საიდან მოდიხარ, თუ იცი, სად მიდიხარ.
მადლობა ესპანეთსა და საქართველოს ყველაფრისთვის, რაც მომეცით და რის მოცემასაც გააგრძელებთ. ეს თქვენ გეძღვნებათ. 16-0 და კვლავ დაუმარცხებელი.
დაუმარცხებელი მენტალიტეტი აქვს იმას, ვისაც რწმენა აქვს, რომ მისი ოცნებები რეალობად იქცევა." - წერს მატადორი ინსტაგრამზე.
28 სექტემბერი
ცნობილი გახდა იმ მებრძოლის ვინაობა, რომელიც UFC 308-ის მთავარ ბრძოლაში ილია თოფურიას ან მაქს ჰოლოუეის ჩახსნის შემთხვევაში დამზღვევი იქნება.
აბუ-დაბიში მთავარი ღონისძიების შემცვლელი მებრძოლი დიეგო ლოპესია. მექსიკელი ქვემსუბუქი წონის რეიტინგის მე-3 ნომერია.
ლოპესმა UFC 306-ზე, სადაც მერაბ დვალიშვილმა შონ ო'მალის სძლია და ჩემპიონი გახდა, გამართა თავისი ბრძოლა და ბრაიან ორტეგა დაამარცხა.
მექსიკელი მზადაა თავისი ბრძოლიდან უკვე ერთ თვეში ქვემსუბუქი წონის მთავარ დაპირისპირებაში დამზღვევი იყოს და რისკის შემთხვევაში აბუ-დაბის მთავარი ღონისძიება გადაარჩინოს.
19 სექტემბერი
ილია თოფურია ფიქრობს, რომ მისი ბრძოლა მაქს ჰოლოუეისთან მალე დასრულდება.
"როგორც კი მაქსი ნამდვილ ბრძოლას დამიწყებს და გაცვლებში შემოვა, ყველაფერი იქ დამთავრდება. არავის შეუძლია ჩემთან დარტყმების გაცვლა. არა ძალის, არამედ ტექნიკის გამო, რომლითაც ნებისმიერ მოძრაობას ვაკეთებ.
ამიტომ როგორც კი ის ბრძოლას დაიწყებს და თითით მიმანიშნებს, თუ ეს თავიდანვე გააკეთა, ყველაფერი დამთავრდება." - განაცხადა UFC-ის ქვემსუბუქი წონის ჩემპიონმა.
18 სექტემბერი
ამერიკელმა მაქს ჰოლოუეიმ, ქართველ მებრძოლზე ისაუბრა.
„თოფურიას აქვს აშკარად გამოკვეთილი ათლეტიზმი, სიძლიერე და ბუნებრივი ძალა. თუმცა, მგონია, რომ ცოტა საბრძოლო ინტელექტი აკლია.
თუ ის დგომში ჩხუბს მთავაზობს, როგორ უნდა ვთქვა უარი? სახალისო იქნება. თუმცა, ჯერ არ მინახავს, რომ მას ამის მცდელობა ჰქონოდა." - აღნიშნა ჰოლოუეიმ.
22 აგვისტო
ილია თოფურიამ MMA Junkie-სთან თავის მომავალ ბრძოლაზე ისაუბრა, რომელშიც მაქს ჰოლოუეის დაუპირისპირდება.
"ამ ბრძოლას იმიტომ ველოდები, რომ ის ჯერ არავის ჰყავს დანოკაუტებული. არ არსებობს, რომ ის არ გავთიშო. მე ვიქნები პირველი, ვინც ამას გააკეთებს. მე მას პირველ რაუნდში დავანოკაუტებ, ეს უდაოა.
თუ ის იგივე ენერგიით იქნება, როგორც ჯასტინ გეიჯისთან იყო ბოლო 10 წამში, მაშინ მას პირველივე რაუნდში გავთიშავ. მას ვურჩევდი, რომ ჩაფხუტით იბრძოლოს, რადგან დასჭირდება.
მე ნებისმიერ წონაში ვიბრძოლებ, არ მაინტერესებს, მე საუკეთესო მებრძოლი ვარ მსოფლიოში." - განაცხადა UFC-ის ქართველმა ჩემპიონმა.
26 ოქტომბერს UFC 308-ზე ილია თოფურია პირველად შეეცდება, რომ თავისი საჩემპიონო ქამარი დაიცვას. მისი მეტოქე ამ ბრძოლაში 32 წლის ამერიკელი მაქს ჰოლოუეი იქნება.
ლეგენდარული ალექს ვოლკანოვსკის დანოკაუტების შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში იყო მითქმა-მოთქმა თუ სად, როდის და ვის წინააღმდეგ უნდა დაეცვა თოფურიას ტიტული, საბოლოოდ კი ყველაფერი დადასტურდა - აბუ დაბიში, 26 ოქტომბერს, მეტოქე მაქს ჰოლოუეი.
ქართველი მებრძოლის MMA რეკორდი 15-0-0 არის, ამერიკელის კი - 26-7-0.
მაქს ჰოლოუეი UFC-ის ქვემსუბუქი წონის რეიტინგის მე-2 ნომერია, მასზე წინ მხოლოდ ვოლკანოვსკია. ამერიკელი სხვა წონის ტოპ 10 მებრძოლშიც არის, ის მსუბუქ წონაში მე-9 მებრძოლია. ჰოლოუეის P4P რეიტინგშიც უკავია თავისი ადგილი, ის საერთო რეიტინგის მე-11 მებრძოლია, UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონია კი მე-4 არის. მას მხოლოდ ისლამ მახაჩევი, ალექს პერეირა და ჯონ ჯონსი უსწრებენ.
მაქს ჰოლოუეი UFC-ში 2012 წლიდან ასპარეზობს. ის 2016 წლის დეკემბერში ენტონი პეტისის დამარცხებით ქვემსუბუქი წონის დროებითი ტიტულის მფლობელი გახდა, 2017 წლის ივნისში კი ჟოზე ალდო დაამარცხა და უკვე ქვემსუბუქი წონის ჩემპიონიც გახდა.
ჰოლოუეიმ საჩემპიონო ქამრის დაცვა 3-ჯერ მოახერხა - მან ზედიზედ ჟოზე ალდო, ბრაიან ორტეგა და ფრენკი ედგარი დაამარცხა, 2019 წლის დეკემბერში კი წონის ახალი ჩემპიონი ალექსანდერ ვოლკანოვსკი გახდა, რომელმაც ჰოლოუეის 3-ჯერ აჯობა, 2024 წლის თებერვალში კი ავსტრალიელის დომინაცია სწორედ ილია თოფურიამ დაასრულა.
მაქსმა ბოლო ბრძოლა აპრილში გამართა, სადაც ჯასტინ გეიჯი მე-5 რაუნდის ბოლო წამზე ეპიკურად დაანოკაუტა.
რაც შეეხება ილია თოფურიას, მატადორს 15-დან 8 ბრძოლა სწორედ UFC-ში აქვს ჩატარებული და, რა თქმა უნდა, ყველა მათგანში გამარჯვება დამაჯერებლად მოიპოვა. ქართველის დამარცხებული მებრძოლების სია ასეთია - იუსეფ ზალალი, დეიმონ ჯექსონი, რაიან ჰილი, ჯაი ჰერბერტი, ბრაის მიჩელი, ჯოშ ემეტი და ალექს ვოლკანოვსკი.
თოფურიას ტიტულის დაცვა სანტიაგო ბერნაბეუზე სურდა, თუმცა ეს ამბავი არ გამოვიდა, თუმცა ლეგენდარულ სტადიონზე UFC-ის ღონისძიების ჩატარება ჯერ არ გამორიცხულა და მომავალში შესაძლოა ილიას ეს ოცნებაც აუხდეს.
ილია თოფურიას ბრძოლას 26 ოქტომბერს აბუ დაბიში მაქს ჰოლოუეის წინააღმდეგ ვიხილავთ, სადაც ქართველი პირველად შეეცდება საჩემპიონო ქამრის დაცვას.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები