UFC 316-ის წინ, MMA-ის ქართველ მებრძოლ ლევან ჩოხელს გავესაუბრეთ, რომელმაც თავისი ბრძოლა ახლახანს მოიგო.
- გილოცავ გამარჯვებას. ვიცი, რომ მნიშვნელოვანი იყო შენი მომავლისთვის. მოგვიყევი ბრძოლის შესახებ, როგორ ჩაიარა?
- ბრძოლამ როგორც დაგეგმილი იყო, ისე ჩაიარა. გულის სიღრმეში ვფიქრობდი, რომ ფინიში მჭირდებოდა და ასეც მოხდა, ეს ბრძოლა მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის და მადლობა ღმერთს, კარგად დამთავრდა ყველაფერი, ისე როგორც მჭირდებოდა.
- გერმანიიდან პირდაპირ ჩამოხვედი ამერიკაში მერაბის მხარდასაჭერად. ამის შესახებ მოგვიყევი, რა მნიშვნელობა აქვს ქართველების ერთად ყოფნას?
- ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. როცა მე მაქვს ბრძოლა, უფრო ენერგიულად და უფრო პროდუქტიულად ვგრძნობ თავს, როცა ჩემ გარშემო ჩემი ძმები და მეგობრები არიან და ვგრძნობ მათ მხარდაჭერას. ვთვლი და ვფიქრობ, რომ ერთმანეთს გვერდში უნდა დავუდგეთ და უნდა დავუჭიროთ მხარი ყოველთვის, მითუმეტეს, როცა ასეთი მნიშვნელოვანი ბრძოლაა მთლიანად საქართველოსთვის და არამარტო მერაბისთვის და არამარტო ჩემი მეგობრისთვის.
მთლიანად საქართველოსთვის ძალიან დიდი დღეა. წინა დღე უფრო ძნელი არის, ვიდრე ბრძოლის დღე, რადგან წონის კლება, ყველამ იცით, MMA-ს ბნელი მხარეა და მადლობა ღმერთს, რომ წონა კარგად ჩააბარა, აღდგენაც კარგად მიდის და კარგად არის ყველაფერი.
- თითქოს ეს სცენარი უკვე გავლილი გვაქვს, თუმცა როგორ შეაფასებდი ო'მალის როგორც სტრაიკერს?
- რა თქმა უნდა, ძალიან სახიფათო მებრძოლია ო'მალი, ძალიან გამოცდილი, მაგრამ მერაბის სტილიდან ერთ-ერთი, რაც ყველაზე მეტად მომწონს, არ აქვს მნიშვნელობა შენ რას აკეთებ, თავის სტილს მოგახვევს მაინც და ეგ არის, რაც გაამარჯვებინებს კიდევ ერთხელ მერაბს. მერაის მუსიკაა და ისცეკვავს., ეგეთი განცდა მრჩება.
- შენს მომავალზე რა შეგიძლია გვითხრა?
- როგორც გითხარით, ეს ბრძოლა მნიშვნელოვანი იყო იმიტომ, რომ რამდენიმე თვის წინ UFC-ს ვესაუბრე და მატჩმეიქერმა მითხრა, რომ ერთი ბრძოლა მჭირდებოდა რომ მომეგო, რადგან ბოლო ბრძოლა წაგებული მქონდა და მოგების სერია რომ მქონოდა, ეგ მოითხოვა.
რაც UFC-მ მთხოვა, გავაკეთე და დღეს ან ხვალ დაველაპარაკები UFC-ის მატჩმეიქერს და იმედია ამ დღეებში კარგი სიახლე მექნება და გაგაგებინებთ ყველას.
28 წლის ლევან ჩოხელი ქვესაშუალო წონის მებრძოლია, რომლის MMA რეკორდიც 14 მოგება და 3 წაგებაა. მან ბოლო ბრძოლაში ალექსანდრე გონსალვეში მე-2 რაუნდის ნოკაუტით დაამარცხა.
როგორც ჩანს, UFC-ში ჩოხელის სახით კიდევ ერთ ქართველს უნდა ველოდოთ.
რაც შეეხება UFC 316-ს, მერაბ დვალიშვილისა და შონ ო'მალის საჩემპიონო რემატჩი 8 ივნისს გაიმართება (მეინ ქარდი 06:00 საათიდან).
მერაბის მხარდაჭერაზე, შემართებაზე, ქამრისკენ გზაზე - ექსკლუზიური ინტერვიუ რომან დოლიძესთან