-
Aa
+
ფონტის ზომა
ინგლისი მეორე ტაიმის დასაწყისში ენტონი გორდონის გოლით დაწინაურდა, თუმცა მალევე ტუხელმა ის შეცვალა და მატჩის ბოლო 20 წუთში მოედანზე მცველები – ეზრი კონსა, დენ ბერნი და ნიკო ო'რაილი – შეიყვანა.
ამ ცვლილებებმა შედეგი ვერ გამოიღო: 85-ე წუთზე ენცო ფერნანდესმა ანგარიში გაათანაბრა, ხოლო დამატებულ დროში ლაუტარო მარტინესმა გამარჯვების გოლი გაიტანა და არგენტინა კვირას გასამართ ფინალში გაიყვანა.
ინგლისის მცდელობამ, უპირატესობა ზედმეტად დაცვითი ფეხბურთით შეენარჩუნებინა, ბევრს 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალი გაახსენა, როდესაც გარეთ საუთგეიტის გუნდი იტალიასთან დამარცხდა და მწვრთნელი ტაქტიკური გადაწყვეტილებების გამო მწვავედ გააკრიტიკეს.
ინგლისმა მსგავსი სცენარი 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალშიც გაიმეორა, სადაც ესპანეთთან მარცხის შემდეგ საუთგეიტი კვლავ ტაქტიკის გამო გახდა კრიტიკის ობიექტი.
BBC-ს ეთერში საუბრისას რუნიმ თქვა:
თუ მოედანზე შემტევი ფეხბურთელი ხარ, 1:0-ს იგებ და ხედავ, რა ცვლილებებს აკეთებს მწვრთნელი, საკუთარ თავში რწმენას კარგავ. ასეთ თამაშს ყოველთვის ვერ გადაარჩენ.
შემდეგ უკვე ფიქრობ: 'ოჰ, არა, ახლა ამდენ ხანს უკან უნდა დავიხიოთ. როგორ უნდა გავუძლოთ?'“
ინგლისის ნაკრების ყოფილმა მეკარემ, ჯო ჰარტმაც, ტუხელის ტაქტიკა გარეთ საუთგეიტის მიდგომას შეადარა.
„ვფიქრობ, გარეთ საუთგეიტი სახლში იჯდა და ამ თამაშს უყურებდა. მას ძალიან აკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ დიდი მატჩების დროს, როცა ინგლისი წინ გადიოდა, გუნდი ზედმეტად დაცვაზე გადაჰყავდა.
ვერ ვხედავ, რომ ამ მხრივ რამე შეიცვალა.
ტომას ტუხელი, მიუხედავად იმისა, რამდენჯერაც შევაქეთ, ასეთი ადრეული ცვლილებებით თითქოს თავადვე აღიარა, რომ საკუთარ გუნდს აღარ ენდობოდა და არ სჯეროდა, რომ ინგლისი არგენტინისთვის კიდევ შეძლებდა დარტყმის მიყენებას.“
BBC-ს კომენტატორმა ალან შირერმაც გააკრიტიკა ტუხელის გადაწყვეტილებები:
„პირდაპირი ეთერის დროსაც ვთქვი, მოედანზე ექვსი მცველი ჰყავდა. მან თავისი კარტები ძალიან ადრე გახსნა და მხოლოდ ანგარიშის შენარჩუნებაზე ითამაშა.
ნორვეგიისა და მექსიკის წინააღმდეგ ეს შესაძლოა საკმარისი ყოფილიყო, მაგრამ არგენტინას ბურთთან მუშაობისა და მეტოქის დასჯის ისეთი ხარისხი აქვს, როგორიც იმ გუნდებს არ გააჩნიათ.
მან ძალიან ადრე გარისკა იმ იმედით, რომ გაძლებდა, მაგრამ ყველაფერი საპირისპიროდ დასრულდა. სწორედ ასეთი გადაწყვეტილებები წყვეტს მსგავს მატჩებს.
მექსიკასთან ვაქებდით, ახლა კი საპირისპიროს ვამბობთ... იქნებ მეტი სისწრაფე შეეყვანა? არგენტინის პირველი გოლის შემდეგ ინგლისი ფიზიკურადაც და ფსიქოლოგიურადაც გატეხილი ჩანდა.“
რუნის აზრით, გოლის გატანის შემდეგ ინგლისმა მეორე ბურთის ძიებაზე საერთოდ უარი თქვა.
„ეს პანიკა იყო, ნამდვილი პანიკა.
არ შეიძლება 1:0 დაწინაურდე და შემდეგ ბურთზე კონტროლი დათმო, ასევე უარი თქვა მეორე გოლის გატანის მცდელობაზე, რადგან სწორედ ეს უნდა იყოს შენი მიზანი.
უნდა აგრძელებდე წინ თამაშს. ამ დროს ზეწოლა არგენტინაზეა, რადგან მათ ანგარიშის გათანაბრება სჭირდებათ. თუ ბურთზე პრესინგს ახორციელებ, ბრძოლებში შედიხარ და სივრცეებში გარბიხარ, სწორედ ისინი იწყებენ ნერვიულობას.
მაგრამ თუ ასეთი დონის ფეხბურთელებს საკუთარ საჯარიმოსთან თავისუფლად თამაშის საშუალებას მისცემ, ადრე თუ გვიან აუცილებლად გაგიტანენ.“

თაზო ჩარკვიანი
კომენტარები

