მერაბ დვალიშვილმა არიელ ჰელუანის შოუში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.
ქართველმა აბუ-დაბიში მომხდარი ჩხუბის შემდეგ უსმან და უმარ ნურმაგომედოვების მიმართ საკუთარი პოზიცია მკაფიოდ დააფიქსირა:
უსმანი და უმარი დაღესტნელი და მუსლიმი ხალხის ცუდი წარმომადგენლები არიან. მე არც დაღესტნელებთან მაქვს პრობლემა და არც მუსლიმებთან, მხოლოდ ამ 2 ადამიანთან. ისინი ნამდვილი კაცები არ არიან. ლაჩრები არიან. უმარზე ძალიან იმედგაცრუებული ვარ, რადგან ადრე ვაპატიე, მაგრამ ახლა ძალიან ცუდად მოიქცა.
მერაბი აცხადებს, რომ არც საქართველოში და არც აბუ-დაბიში მომხდარი ინციდენტების დროს საკუთარ ქმედებებს არ ნანობს:
როდესაც საქართველოში პროვოკაციაზე წამოვეგე, 100%-ით მართალი ვიყავი და ამ შემთხვევაშიც მართალი ვარ. ღამით ძალიან მშვიდად მძინავს, რადგან კაცურად ვცხოვრობ. სიმართლეს ვამბობ და შესაბამისად ვიქცევი.
ჩემსა და ახმედს შორის ყველაფერი დასრულებულია. ერთმანეთს ხელი ჩამოვართვით. დიახ, მისი ოჯახის წევრს შეურაცხყოფა მივაყენე და ამის გამო ბოდიში მოვიხადე. მაგრამ ის, თუ როგორ უპასუხეს ამ ყველაფერს და როგორ მოაწყვეს ეს ყველაფერი, ნამდვილი კაცების საქციელი არ იყო.
დვალიშვილი გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც უსმან და უმარ ნურმაგომედოვები გაათავისუფლეს. ქართველმა მებრძოლმა აღნიშნა, რომ ამ ამბავს დადებითად შეხვდებოდა, თუმცა მათთან შერიგებას არ აპირებს:
გამიხარდებოდა, თუ ისინი თავისუფლები იქნებოდნენ. მე ნამდვილ კაცებს ვართმევ ხელს, მაგრამ ამ ბიჭებს - არა. ისინი კარგი ადამიანები არ არიან. ისინი დაღესტნისა და მუსლიმი ხალხის ცუდი წარმომადგენლები არიან.
ქართველმა ისლამ მახაჩევის კომენტარებსაც უპასუხა:
ისლამ, თუ საუბარი გინდა, შეგიძლია მოხვიდე და მნახო, ან მე მოვალ შენთან. შეგვიძლია ყველა ძმასთან ერთად შევიკრიბოთ და ვისაუბროთ. მე 100%-ით მართალი ვარ. სწორედ ამიტომ ჩამოვართვით ერთმანეთს ხელი მე და ახმედმა და ჩვენს შორის ყველაფერი დავასრულეთ. ამის გაგრძელება საჭირო აღარ იყო.
მაგრამ ის, თუ როგორ მოიქცნენ უმარი და უსმანი, ძალიან საზიზღარი საქციელი იყო. სწორედ ამიტომ ორივემ დაკარგა პატივისცემა და სწორედ ამიტომ არიან ორივე ლაჩრები.
მერაბმა უპასუხა UFC-ის პრეზიდენტის, დანა უაითის კრიტიკას RAF-ის ღონისძიებებზე მომხდარი ჩხუბების შესახებ:
RAF-ს ისეთივე უსაფრთხოების სამსახური ჰყავს, როგორიც UFC-ს. მაღალი დონის, პროფესიონალი დაცვა. იქ ყოველთვის არიან უსაფრთხოების თანამშრომლები, მაგრამ ჩხუბი ნებისმიერ დროს შეიძლება მოხდეს. დაცვა იქნება თუ არა, ინციდენტი ნებისმიერ წამს შეიძლება დაიწყოს. წინასწარ ვერასდროს გაიგებ. RAF შესანიშნავი ორგანიზაციაა. ვფიქრობ, სპორტს RAF სჭირდება. ჭიდაობას RAF სჭირდება.
დვალიშვილის თქმით, აბუ-დაბიში ჩხუბის დროს არ დაშავებულა, თუმცა მისი სიტყვებიდან შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მოგვიანებით გარკვეული დაზიანება მიიღო. ქართველმა მებრძოლმა ამ საკითხზე დეტალურად საუბარი არ ისურვა:
ამ მომენტში, რასაც ვიდეოში ხედავთ, არანაირი დაზიანება არ მიმიღია. როდესაც აქ ძირს დამაგდეს, კარგად ვიყავი. მოგვიანებით დავზიანდი. შესაძლოა, რაღაცას დავარტყი... არ ვიცი. არანაირი ტრავმა არ მაქვს. ვიჩხუბეთ და ამასთან დაკავშირებით პრობლემა არ მქონია.