გასულ უქმეებზე რეალ მადრიდმა ჟირონასთან ქულები დაკარგა, ჰანსი ფლიკის ბარსელონა კი წინ გაიჭრა და ახლა მეტოქეს 9 ქულით უსწრებს. სეზონის დასრულებამდე მხოლოდ 7 მატჩი დარჩა, რაც იმას ნიშნავს, რომ ტიტული ფაქტობრივად ბარსელონასია. მომავალ ელ კლასიკოზე შესაძლოა სტუმრებისთვის ისტორიული და ცოტა უხერხული მომენტი შეიქმნას.
ესპანურ ფეხბურთში არსებობს ტრადიცია, რომ თუ გუნდი ჩემპიონობას ოფიციალურად გაინაღდებს მატჩამდე, მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელები მოედანზე გასვლისას ორ რიგად დგებიან და ტაშით ხვდებიან ჩემპიონებს.
თუ ბარსელონა მანამ გახდება ჩემპიონი, სანამ რეალი კამპ ნოუს ეწვევა, ტრადიციის მიხედვით მადრიდელებმა მათ საპატიო დერეფანი უნდა მოუწყონ. ამ ორ კლუბს შორის ეს იქნება პირველი ასეთი შემთხვევა 1988 წლის შემდეგ.
ბოლოს მსგავსი სიტუაცია 2018 წელს შეიქმნა, მაგრამ მაშინ ზინედინ ზიდანმა უარი თქვა დერეფნის გაკეთებაზე. მან განმარტა, რომ რადგან ბარსამ რეალს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მოგების შემდეგ არ გაუკეთა დერეფანი, ჯაჭვი გაწყდა. მას შემდეგ ეს საკითხი ესპანეთში უფრო პოლიტიკურია, ვიდრე უბრალოდ სპორტული.