კატალონიურ დერბიში მიღებული დაზიანების შემდეგ, ბარსელონას გულშემატკივრებში გაჩენილი შიში გაქარწყლდა.
ჟერარ მარტინმა დაადასტურა ჰანსი ფლიკის მოლოდინი და ის მზადაა სამშაბათს, მადრიდის ატლეტიკოს წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მატჩში მიიღოს მონაწილეობა.
მარტინმა ესპანიოლთან შეხვედრაში მოედანი ნაადრევად დატოვა, რამაც ბევრი კითხვა გააჩინა. თუმცა, დღეს გამოცემა Sport-მა დაადასტურა, რომ მცველს სერიოზული არაფერი სჭირს. მისი შეცვლა უბრალოდ სიფრთხილე იყო. დღევანდელ აღდგენით ვარჯიშზე მარტინმა დარბაზში განცალკევებით ივარჯიშა, რათა ფეხებზე დატვირთვა შეემცირებინა, გუნდთან ერთად კი გამგზავრებამდე ბოლო ვარჯიშს გაივლის.
ფლიკი ჯერ კიდევ გუშინ იყო ოპტიმისტურად განწყობილი: „მგონია, რომ სერიოზული ტრავმა არაა და სამშაბათს თამაში შეეძლება“. თუ ბოლო მომენტში რამე არ შეიცვალა, მარტინი სასტარტოში იქნება და ცენტრალურ დაცვაში პაუ კუბარსის შეცვლის, რომელმაც პირველ შეხვედრაში წითელი ბარათი მიიღო.
რაც შეეხება მარკ ბერნალს, ის ჯერ კიდევ გუნდის მიღმაა. გასულ კვირას მიღებული ტრავმის გამო, ის ჯგუფურ ვარჯიშებს ჯერ არ დაბრუნებია. კლუბში მიიჩნევენ, რომ მისი დაჩქარება და რისკზე წასვლა ატლეტიკოსთან მატჩისთვის აზრს მოკლებულია. გეგმის მიხედვით, ბერნალი ვარჯიშს ოთხშაბათიდან განაახლებს და სელტასთან 22 აპრილს გასამართი შეხვედრისთვის მოემზადება.
ბარსელონას ახლა მადრიდში რთული მისია ელის. გუნდმა პირველ მატჩში მიღებული შედეგი უნდა შემოაბრუნოს, რათა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდეს. ჟერარ მარტინის მზადყოფნა კი ამ გზაზე ფლიკისთვის დიდი შეღავათია.