კატალონიური დერბი ყოველთვის დაძაბულია, მაგრამ ამჯერად ვნებათაღელვამ მოედნის მიღმა, გასახდელისკენ მიმავალ გვირაბში გადაინაცვლა.
ესპანიოლის მცველმა, პოლ ლოზანომ, ბარსელონასთან 1:4 მარცხის შემდეგ მეტოქე გუნდის მოთამაშეები არაპროფესიონალიზმსა და პროვოკაციებში დაადანაშაულა.
ყველაფერი ფინალური სასტვენის შემდეგ დაიწყო, როცა ლოზანოსა და ბარსელონას რამდენიმე ფეხბურთელს, მათ შორის ჟოაო კანსელოს შორის, სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა. ლოზანომ DAZN-თან საუბრისას იმედგაცრუება ვერ დამალა, თუმცა კონკრეტული ფრაზების ციტირებაზე უარი თქვა:
მნიშვნელობა არ აქვს, რა მითხრეს, მთავარი ფეხბურთია.. ყველამ დაინახა, რა დონის პატივისცემას იჩენენ ისინი კოლეგების მიმართ. მეტს არაფერს დავამატებ.
მოგვიანებით ფეხბურთელმა დააზუსტა, რომ კონფლიქტი მხოლოდ კანსელოს არ ეხებოდა და ეს უფრო ზოგადი იყო:
მოედანზე ასეთი რაღაცები ხდება. რადგან მოიგეს, ცდილობდნენ ცოტათი გამოვეწვიე, სულ ესაა.. როცა აგებ, უნდა მოითმინო, ყოველთვის ასე ხდება.
თუმცა, დაპირისპირება გვირაბიდან სოციალურ ქსელებში გადავიდა. ბარსელონას გულშემატკივრების მხრიდან წამოსული შეურაცხყოფის ტალღა იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ ლოზანომ ინსტაგრამის ანგარიშის გაუქმება არჩია, რათა ბულინგს გაქცეოდა.
როგორც ჩანს, კატალონიურ დერბიში დამარცხება ესპანიოლისთვის მხოლოდ დაკარგული ქულებით არ დასრულებულა, გუნდის წევრებს ფსიქოლოგიურ წნეხთან გამკლავება მოედნის მიღმაც უწევთ.