ფიფას პრეზიდენტ ჯანი ინფანტინოს ირონიულმა განცხადებამ იტალიის ნაკრების შესახებ იტალიურ საზოგადოებასა და პოლიტიკურ წრეებში მწვავე უკმაყოფილება გამოიწვია.
ინფანტინომ ბრაზილიურ CazeTV-სთან ინტერვიუში იხუმრა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ფორმატის 208 გუნდამდე გაფართოება იქნებოდა საჭირო, რათა იტალიის ნაკრები ტურნირზე გარანტირებულად მოხვედრილიყო.
ინფანტინოს ირონიული ხუმრობა იტალიაზე
იტალიამ, ოთხგზის მსოფლიო ჩემპიონმა, მესამედ ზედიზედ ვერ მოახერხა მუნდიალზე გასვლა, მას შემდეგ რაც მარტის ბოლოს პლეი-ოფის ფინალი ბოსნია და ჰერცეგოვინასთან დათმო. ამ წარუმატებლობამ იტალიურ ფეხბურთში სერიოზული საკადრო ცვლილებები გამოიწვია.
თანამდებობები დატოვეს მთავარმა მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ, დელეგაციის ხელმძღვანელმა ჯანლუიჯი ბუფონმა და ფედერაციის პრეზიდენტმა გაბრიელე გრავინამ.
იტალიელი პოლიტიკოსების, მათ შორის გაეტანო ამატოს, შეფასებით, ინფანტინოს განცხადება იყო დამამცირებელი და „იაფი ხუმრობა“. მან აღნიშნა, რომ ფიფას პრეზიდენტს, რომელიც იტალიის ფედერაციის მხარდაჭერით მოვიდა ამ თანამდებობაზე, შესაფერისი ბალანსი და პატივისცემა უნდა გამოეჩინა, მით უმეტეს, რომ იტალიური ფეხბურთი მძიმე კრიზისშია და ქვეყანა ამ ფაქტის გამო ისედაც ღრმა მწუხარებას განიცდის.
სოციალურ მედიაში გულშემატკივრების რეაქციები არაერთგვაროვანი იყო - ნაწილი ინფანტინოს ქმედებას პროვოკაციულ და უპატივცემულო ნაბიჯად აფასებს, ნაწილი კი თვლის, რომ ის უბრალოდ იტალიური ფეხბურთის სტაგნაციით გაღიზიანებას გამოხატავს.