პრემიერ ლიგის 37-ე ტურში იფსვიჩთან გამართული მატჩი ჯეიმი ვარდისთვის ლესტერის შემადგენლობაში ბოლო აღმოჩნდა. 38 წლის თავდამსხმელისთვის ეს მელიების მაისურით ჩატარებული მე-500 შეხვედრა იყო და საიუბილეო თამაში ასევე სიმბოლური მე-200 გოლით აღნიშნა.
ვარდი არის ფეხბურთელი, რომლის მოგზაურობაც ინგლისის დაბალი დივიზიონების მოედნებიდან პრემიერ ლიგის ვარსკვლავობამდე ნამდვილად ექსტრაორდინალურია. მისი აღზევება შეუვალობის, ტალანტისა და სირთულეების გადალახვის მტკიცებულებაა.
ადრეული ცხოვრება და კარიერის დასაწყისი

ჯეიმი ვარდის ისტორია შეფილდში დაიწყო, სადაც ფეხბურთისადმი მისი სიყვარული ფოლადის ქალაქის ლეგენდარულ დერბებში აღმოცენდა. 16 წლის ასაკში შეფილდ უენსდიდან დათხოვნის შემდეგ მას შესაძლოა თავის ოცნებებზე უარი ეთქვა, თუმცა ამის ნაცვლად ის ნახევრად პროფესიონალურ (non-league) სტოკსბრიჯ პარკ სტილსს შეუერთდა, სადაც კვირაში 30 ფუნტს გამოიმუშავებდა, მაგრამ ის დაუღალავად შრომობდა, რომ საკუთარი სახელი შეექმნა.
მუშაობისა და ფეხბურთის თამაშის პარალელურად, ვარდის სულისკვეთებამ და გოლის ალღომ ჰალიფაქს თაუნის ყურადღება მიიპყრო. ერთ წელში 26 გოლის გატანის შემდეგ, ის შუა სეზონში ფლიტვუდ თაუნში გადავიდა. ამ გუნდში ჩატარებულ 36 მატჩში გატანილი 31 გოლით კი მან 2012 წელს ლესტერ სიტიში გადასვლა დაიმსახურა 1 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ, რაც რეკორდული ტრანსფერი იყო ნახევრად პროფესიონალური დონის მოთამაშისთვის.
ლესტერ სიტი - ზღაპრული მოგზაურობა

ვარდის ლესტერ სიტიში გადასვლა საოცარი მოგზაურობის დასაწყისია. ჩემპიონშიფში გატარებული პირველი დღეები სწავლის პროცესი იყო, თუმცა მან ადაპტაცია მალე გაიარა და 2014 წელს პრემიერ ლიგაში ლესტერის აღზევებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა, თუმცა ცოტა თუ წარმოიდგენდა, ამას რა მოჰყვებოდა.
2015-16 წლების სეზონში, ვარდი ყოვლად ცნობილი სახელი გახდა. პრემიერ ლიგაში მისმა რეკორდულმა ზედიზედ 11 მატჩში გატანილმა გოლმა არა მხოლოდ მისი სახელი ჩაწერა ისტორიის წიგნებში, არამედ ლესტერის სასწაულებრივი ტიტულის მომგები კამპანია შეაჯამა.
5000-ში 1 - ამ შანსით იყო შეფასებული ლესტერის მიერ პრემიერ ლიგის მოგების შანსი. ვარდის სისწრაფემ, სიზუსტემ და შრომის ეთიკამ კი ამ ყველაფერში მთავარი როლი შეასრულა. ამ სეზონში გატანილმა 24-მა გოლმა კი მას ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელის სტატუსი მოუტანა.
მემკვიდრეობა და მიღწევები

წლების განმავლობაში ვარდის მიღწევები უფრო შთამბეჭდავი ხდებოდა. მან 2019-20 წლების სეზონში პრემიერ ლიგის ოქროს ბუცი მოიგო და გახდა ყველაზე ხანდაზმული მოთამაშე (33 წლის), რომელმაც ეს შეძლო. პრემიერ ლიგაში გატანილი 145 გოლით, ის ლესტერ სიტის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია ამ გათამაშებაში.
მისი ინდივიდუალური შედეგების მიღმა, ვარდიმ დიდი როლი ითამაშა ლესტერის 2021 წლის ტრიუმფში FA თასზე, მან მნიშვნელოვან შეხვედრებში შეძლო გოლის გატანა და კლუბს კიდევ ერთ ისტორიულ მიღწევაში დაეხმარა. მისმა ასეთმა შედეგმა საერთაშორისო კარიერაზც იქონია გავლენა და მან ინგლისის ნაკრებთან ერთად ევრო 2016-ზე და 2018 წლის მუნდიალზე ითამაშა, რითიც თავისი რეზიუმე კიდევ უფრო პრესტიჟული გახადა.
გავლენა ლესტერსა და ფეხბურთზე

ჯეიმი ვარდის გავლენა ლესტერ სიტიზე გაუზომელია. მისი მოგზაურობა ასახავს კლუბის ხასიათსა და შეუპოვრობას. ის არა მხოლოდ მოთამაშე, არამედ სიმბოლოა იმისა, რასაც ლესტერ სიტი წარმოადგენს - გუნდი, რომელსაც შეუძლია წარმოუდგენელი რეალურად აქციოს.
უფრო ფართო ჭრილში რომ ვთქვათ, ვარდის ისტორიამ მსოფლიოს მასშტაბით უამრავი მოთამაშის ინსპირაცია შეძლო. ის არის მტკიცებულება, რომ ტალანტს კაშკაში ნებისმიერ დროს შეუძლია, მისმა წარმატებამ კი non-league ფეხბურთის პოტენციალი უფრო გამოკვეთა. V9 აკადემიის საშუალებით ჯეიმი თავის საწყისებს დაუბრუნდა და დაბალი დივიზიონების მოთამაშეებს მათი ოცნებების ასრულების შესაძლებლობას აძლევს.
ეპოქის დასასრული

კლუბში გადმოსვლიდან ზუსტად 13 წლის შემდეგ, ჯეიმი ვარდიმ ლესტერში თავისი ბოლო თამაში ჩაატარა - მან მელიების მაისური 500-ჯერ მოირგო, 200 გოლი გაიტანა და გუნდთან ერთად 5 ტიტული მოიგო.
2014-15 წლების სეზონში პრემიერ ლიგაში ვარდის დებიუტის შემდეგ, მასზე მეტი გოლი (145) მხოლოდ 2 მოთამაშეს აქვს გატანილი - ჰარი კეინსა (210) და მოჰამედ სალაჰს (185).
ასევე აღსანიშნავია, რომ პრემიერ ლიგაში 30+ ასაკში ჯეიმიზე მეტი გოლი (109) არავის აქვს გატანილი და ის არის ერთადერთი, ვის ანგარიშზეც 100+ გოლია.
ჯეიმი ვარდის ლესტერიდან წასვლით დიდი ეპოქა სრულდება. ის ხომ 2016 წლის ზღაპრული საჩემპიონო გუნდიდან ერთადერთი იყო, ვინც მელიების მაისურს კვლავ ირგებდა.
ასე და ამგვარად - ვარდის ლეგენდარული წვეულებები ლესტერში სრულდება...