სტივენ ჯერარდის აზრით, პარი სენ-ჟერმენის ქართველი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია ამჟამად მსოფლიოში საუკეთესო ვინგერია.
კვარაცხელიამ კიდევ ერთხელ ითამაშა გადამწყვეტი როლი, როდესაც პარი სენ-ჟერმენმა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მიუნხენის ბაიერნის წინააღმდეგ ორი მატჩის ჯამში 6:5 იმარჯვა და ფინალის საგზური მოიპოვა.
პარიზში გამართულ პირველ მატჩში 2 გოლის გატანის შემდეგ, ქართველმა ფეხბურთელმა განმეორებით შეხვედრაში უსმან დემბელეს ადრეულ გოლზე საგოლე გადაცემა გააკეთა, რის შემდეგაც პსჟ-მ დაპირისპირებაზე სრული კონტროლი დაამყარა.
კვარაცხელიას ასისტი რეკორდული აღმოჩნდა - 25 წლის ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველი მოთამაშე გახდა, რომელმაც პლეი-ოფის ზედიზედ 7 მატჩში ან გოლი გაიტანა, ან საგოლე გადაცემა შეასრულა.
VIDEO: ზედიზედ მეორედ - კვარას პსჟ ჩემპიონთა ლიგის ფინალშია
ეს კიდევ ერთი გამორჩეული თამაში იყო კვარაცხელიასგან - მან მატჩში ყველაზე მეტი დრიბლინგი სცადა (6) და ყველა წარმატებით შეასრულა. ასევე, მეტოქის საჯარიმოში ყველაზე მეტი შეხებაც სწორედ მას ჰქონდა.
მიმდინარე ჩემპიონთა ლიგის სეზონში ვინგერს 15 მატჩში 10 გოლი და 6 საგოლე გადაცემა აქვს და ისტორიაში მხოლოდ 7-ჯერ მომხდარა, რომ ფეხბურთელს ერთ სეზონში მეტი საგოლე მონაწილეობა ჰქონოდა.
ჯერარდი ფიქრობს, რომ ახლა ის მსოფლიოში საუკეთესოა. ლივერპულის ყოფილმა კაპიტანმა TNT Sports-თან საუბარში აღნიშნა, რომ კვარაცხელიას მზადყოფნა, თამაშის ყველა კომპონენტში მიიღოს მონაწილეობა, სხვებისგან გამოარჩევს.
„ნამდვილად იმსახურებდა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულისთვის ბრძოლას. ძალიან ძლიერია, ძალიან სახიფათო,“ - თქვა ჯერარდმა.
„ორივე მიმართულებით შეუძლია თამაში, მაგრამ მნიშვნელოვანია თამაშის მეორე მხარეც. ბევრი ვინგერი მხოლოდ მაშინ აქტიურობს, როცა ბურთი ფეხებთან აქვთ. მათ მხოლოდ სანახაობრივი ეპიზოდები უნდათ - შექმნა და გატანა.
ეს ბიჭი ყველაფერს აკეთებს. ბევრს შრომობს, ართმევს ბურთს, იბრძვის. შეუძლია შექმნას, შეუძლია გაიტანოს.
ის ახლა მსოფლიოში საუკეთესო ვინგერია. მასზე უკეთესი არავინ არის. ის ამჟამად მსოფლიოს საუკეთესო ვინგერია.