ნოვაკ ჯოკოვიჩის ათენში მოპოვებული 101-ე კარიერული ტიტულის შემდეგ, რომელმაც ლორენცო მუზეტი სეზონის შემაჯამებელი ტურნირიდან გამოთიშა, სერბმა ლეგენდამ გამოაცხადა, რომ ტურნირს ტოვებს.
VIDEO: 101-ე ტიტული - ჯოკოვიჩმა ათენში მუზეტი დაამარცხა
მუზეტი საბოლოოდ მაინც მოხვდა ტურნირზე ჯოკოვიჩის უარის გამო და მომავალ კვირას ტურინში რვა მონაწილეს შორის იასპარეზებს კარლოს ალკარასთან, იანიკ სინერთან, ალექსანდერ ზვერევთან, ტეილორ ფრიცთან, ბენ შელტონთან, ალექს დე მინორთან და ფელიქს ოჟე-ალიასიმთან ერთად.
ეს მუზეტის კარიერის საუკეთესო სეზონია, 23 წლის ჩოგბურთელმა პირველად მიაღწია მასტერსის ფინალს მონტე-კარლოში, შემდეგ ნახევარფინალამდე გავიდა მადრიდში, რომსა და როლან გაროსზე, რითიც ტურინში მოხვედრის შანსები გაიმყარა.
შემაჯამებელი ტურნირის ჯგუფები დღევანდელი ამბების შემდეგ ასე გამოიყურება:
ჯიმი კონორსის ჯგუფი - ალკარასი, ფრიცი, დე მინორი, მუზეტი
ბიორნ ბორგის ჯგუფი - სინერი, ზვერევი, ფრიცი, ოჟე-ალიასიმი
ჯოკოვიჩი ATP-ის შემაჯამებელ ტურნირებზე მოხვედრით როჯერ ფედერერს გაუთანაბრდა, ეს მისი მე-18 მონაწილეობა უნდა ყოფილიყო. ტურნირის გამოტოვების ოფიციალური მიზეზი მხრის ტრავმა არის.
„ძალიან მინდოდა ტურინში ასპარეზობა და მაქსიმუმის ჩვენება, მაგრამ ათენში დღევანდელი ფინალის შემდეგ სამწუხაროდ უნდა შეგატყობინოთ, რომ ტრავმის გამო ტურნირს ვერ ვითამაშებ,“ - დაწერა დიდი სლემის 24-გზის ჩემპიონმა სოციალურ ქსელში.
„მართლა ვწუხვარ იმ გულშემატკივრების გამო, ვისაც ჩემი თამაშის ხილვა სურდა, თქვენი მხარდაჭერა ჩემთვის ყველაფერია. ყველა მოთამაშეს საოცარ ტურნირს ვუსურვებ და ერთი სული მაქვს, როდის დავბრუნდები კორტზე თქვენთან ერთად!“