ჟოაუ კანსელუმ და ბარსელონამ შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის მიხედვითაც პორტუგალიელი ფეხბურთელი კვლავ კატალონიურ კლუბში ითამაშებს.
მცველი ბარსას სრულფასოვანი ტრანსფერით შეუერთდა და კონტრაქტი 2029 წლის 30 ივნისამდე გააფორმა.
კანსელუ ბარსელონას პირველად 2023/24 წლების სეზონში, მანჩესტერ სიტიდან იჯარის წესით შეუერთდა და სრული სეზონი ჩავის ხელმძღვანელობით გაატარა. მან 42 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 4 გოლი და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.
პირველი პერიოდის დასრულების შემდეგ კანსელუ საუდის არაბეთის ალ ჰილალში გადავიდა, ხოლო 2026 წლის იანვარში ბარსელონაში კვლავ იჯარის წესით დაბრუნდა.
მან მალევე მოიპოვა ჰანსი ფლიკის ნდობა და სეზონი გერმანელი მწვრთნელის გუნდის მნიშვნელოვან ფეხბურთელად დაასრულა.
კანსელუ ძირითადად მარცხენა მცველის პოზიციაზე თამაშობდა და 23 შეხვედრაში 2 გოლი და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა.
პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ალ ჰილალთან კონტრაქტი გაწყვიტა და ბარსელონას თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.